ავტოსატრასნპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ხაზებზე ნებართვების გაცემის პროცესთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 51-ივე ნებართვის მფლობელი სადაზღვევო კომპანია ალდაგის შვილობილი კომპანია “პრემიუმ რეზიდენსი” გახდა. ალდაგი, კი როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკთან მჭიდროდ აფილირებული კომპანიაა, რის გამოც აღნიშნულ ტენდერს, საბანკო ჰოლდინგის ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელებად განიხილავენ.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში თვლიან, რომ ესაა ბაზარზე დომინანტური პოზიციების მოპოვების მცდელობა. მათი შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტენდერი სპეციალურად მოარგეს კონკრეტულ პრეტენდენტს და ბაზარი ხელოვნურად ჩაკეტეს უსაფუძვლო შეზღუდვებით. ასოციაციაში თვლიან, რომ პროცესში გამოვლენილი უხეში დარღვევებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იქნას მოკვლევა დაწყებული; შესაბამისი მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს არაერთ სამთავრობო უწყებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსაც.
დამატებით საფრთხეებს ხედავენ სადაზღვევო კომპანიებიც და ალდაგის ამ ქმედებას ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღევის პროგრამისთვის მზადებად აფასებენ. ასეთი მიზნების არსებობას არც ალდაგი და მისი მფლობელი Georgia Capital მალავს, რომლის ოფიციალურ განცხადებაში ჰოლდინგის CEO ირაკლი გილაური ამბობს, რომ ინსპექტირების ცენტრების ფლობა ალდაგს სინერგიის ეფექტს მისცემს.
ამ თემაზე სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე ისაუბრებს.
ბატონო ვასილ, პრობლემის მასშტაბურობა გასაგებია, მაგრამ სადაზღვევო კომპანიების ინტერესები კონკრეტულად რომელ კომპონენტში ილახება? აქაც ხედავთ დარღვევას?
მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების არა, მთლიანად ქვეყნის და მომხმარებლების ინტერესი ზიანდება.
ყველაზე დიდი „აფიორა“ სწორედ აქაა დამალული. საერთაშორისო ნორმაა და ტექნიკური დათვალიერების ცენტრების რეგლამენტშიცაა ასახული, რომ „ინსპექტირების ცენტრი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.“
ეს მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტრომ წარმატებით უგულებელყო და ტექდათვალიერების ბაზარზე დომინანტად სადაზღვევო კომპანია აქცია. როგორ ფიქრობთ, აქ არ ჩანს ინტერესთა კონფლიქტი? თუ ალდაგის დაზღვეული მივა ალდაგის ინსპექტირების ცენტრში, ეს არ დაარღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს?
უფრო მეტიც, ცენტრი ხდება სადაზღვევო პოლისების გაყიდვის არხი, ეს ბატონმა გილაურმაც დაადასტურა თავის განცხადებაში, როცა სინერგიის ეფექტზე საუბრობდა. რატომ უნდა დაკმაყოფილდე ტექდათვალიერების 60 მილიონიანი ბაზრით, როცა 200 მილიონიანი სავალდებულო დაზღვევის ბაზარი წინ ლანგარზე გიდევს.
ეკონომიკის სამინისტროში პროკურატურა შევიდა, ამბობენ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს საკითხია. ელით თქვენთვის პოზიტიურ ცვლილებებს?
მე ქვეყნისთვის პოზიტიურ ცვლილებებს ველი. წარმოუდგენელია 15 წლით უკან, შევარდნაძის დროში დავბრუნდეთ, როდესაც ტექდათვალიერების კორუფციული სქემის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ ალდაგი იყო. ალბათ გახსოვთ, ტექდათვალიერების გასავლელად ჩვენს მოქალაქეებს იძულებულს ხდიდნენ მხოლოდ ალდაგის ფიქტიური პოლისები შეეძინათ. მაშინ ალდაგი შსს-სთან იყო შეკრული, ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან ცდილობდა სქემების დალაგებას. თუმცა ამჯერად, უფრო შეფარვით და შეფუთულად. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით წარმატებასაც აღწევენ.
ტექნიკური დათვალიერების ცენტრების ასოციაციიდან ელით მხარდაჭერას?
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ მათთან აქტიურ მუშაობას, რადგან ასეთი ზომის ჰოლდინგთან ბრძოლა დამოუკიდებლად ძალიან რთულია.
განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა დამოუკიდებელი ბიზნესებია; იქ ინტერესთა კონფლიქტების და ბაზარზე დომინანტური პოზიციების მოპოვების შესაძლებლობა მკაცრად კონტროლდება.
ჩვენთან კიდევ რა ხდება? ეკონომიკის სექტორი, რომელიც კარგ ფინანსურ შედეგებს აჩვენებს ან პოზიტიური პროგნოზების იმედს იძლევა, დაუყოვნებლივ ხდება საბანკო ჰოლდინგების სამიზნე. ისინი თავიანთი უზარმაზარი რესურსებით ახდენენ დამოუკიდებელი ბიზნესების შევიწროებას და ბაზრიდან განდევნას. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღად განვითარდეს.
®