ინსპექტირების ორგანოთა ასოციაციის ინფორმაციით, 7 თვის განმავლობაში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების პროცესი წარიმართებოდა იმ აქტებზე დაყრდნობით, რომელიც არ იყო ძალაში შესული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათასობით მძღოლი ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის უკანონოდ დააჯარიმეს, ასევე უკანონოდ გაუჩერეს აკრედიტაცია 5 ცენტრს და ნაწილს უარი უთხრეს გაფართოვებაზე.
მთავრობამ გასული წლის 1 დეკემბერს 510-ე და 511-ე დადგენილებით დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც განსაზღვრა, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ინსპექტირების ცენტრებმა და რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
„პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" წერია, რომ რეგლამენტი მას შემდეგ შედის ძალაში, რაც ის საკანონმდებლო მაცნეს მიერ შეტანილ იქნება ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. ასოციაცია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს თუ მთავრობის ადმინისტრაციას კოდექსის ეს ჩანაწერი გამორჩა და მათ საკანონმდებლო მაცნეს არ შეატყობინეს, რათა 510-ე და 511-ე დადგენილება შეეტანათ ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში.

საკანონმდებლო მაცნეზე ჩანს, რომ მთავრობის დადგენილებები, რომელსაც ტექდათვალიერების რეფორმა ეფუძნება, რეესტრში ცოტა ხნის წინ, - 10 ივლისს დარეგისტრირდა, ეს კი მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ორგანოთა ასოციაციამ მათ წერილობით მიმართა.
„საკანონმდებლო მაცნეც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ნახეს, რომ გამოსაქვეყნებელი იყო, მაგრამ გამოქვეყნებული არ იყო. პასუხი დღემდე არ მიმიღია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი წერილის შემდგომ რეაქცია იყო ის, რომ 510-ე და 511-ე დადგენილებები, 10 ივლისს შეიტანეს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. ეს ნიშნავს, რომ 1 დეკემბრიდან 10 ივლისამდე, 510-ე და 511-ე დადგენილება სამართლებრივად არ არსებობდა და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული დადგენილების გამოყენებით არის მიღებული, ყველაფერი არის სადაო სამართლებრივი კუთხით და კონკრეტული დავის წარმოების შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეექმნება სახელმწიფოს იმ მხრივ, რომ ყველა გადაწყვეტილება ექვემდებარება რევიზიას და გაუქმებას“-აცხადებს bm.ge-თან ინსპექტირების ორგანოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ალაფიშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ განმარტებების გაკეთება ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-ს უწყებიდან გამოთხოვილი აქვს და მას მიღებისთანავე გავაცნობთ მკითხველს.