ტექინსპექტირების ცენტრები 2025 წლიდან პირველად ინსპექტირებაზე ფასების 30-50 ლარით გაზრდას ითხოვენ. კავშირის ხელმძღვანელის, გიორგი შიოლაშვილის თქმით, ამის წინაპირობა სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის დაწყებაა, რომელიც სექტორში დასაქმებულებს, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს.
„იცით, რომ 2025 წლიდან იგეგმება ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი, რომელიც როგორც ვიდეო კონტროლის საშუალებით ტექინსპექტირების საქმიანობის დაკვირვებას, ასევე ადგილზე ინსპექტირებას პროცესს მოიცავს. ეს უფრო მაღალი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს სექტორში დასაქმებულების, აქედან გამომდინარე, უფრო მეტად დადგა მაღალ ანაზღაურებად პერსონალის საჭიროება. ჩვენი მხრიდან საუბარია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე ზრდა იყოს 30 ლარი პირველად ინსპექტირებაზე. სხვა ტიპის ავტოტრანსპორტზეც ჩვენი მხრიდან საკითხი დაყენებულია 30-50 ლარით ზრდაზე", - განაცხადა შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, ამჟამად ტექინსპექტირება მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 ლარი ღირს, სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილის შემთხვევაში - 100 ლარი, ელექტრომობილის - 48 ლარი, ხოლო მისაბმელიანის - 60 ლარი.
განმეორებითი ტექინსპექტირება კი მსუბუქის შემთხვევაში 20 ლარია, სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილის შემთხვევაში - 30, ელექტრომობილის - 15 ლარი, ხოლო მისაბმელიანის - 20 ლარი.
ტარიფები სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.