ტექინსპექტირების რეფორმა „ახალ ტალღას“ საჭიროებს. სექტორი ბუნდოვანი მომავლისა წინაშეა, რაც სექტორში ინვესტიციების განხორციელებას აფერხებს - ამის შესახებ BMG-სთან „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, რეფორმა წარმატებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც ის ყოვლისმომცველი იქნება, დღეს არსებული სტატისტიკა კი, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
„ინსპექტირება, როგორც რეფორმა, წარმატებულად ჩაითვლება მაშინ, თუ ის იქნება ყოვლისმომცველი. ანუ მიმართვიანობა იქნება არა 50% ან 60%, არამედ ბევრად მაღალი. ეს რთულად დასადგენია, რადგან ჩვენ იმ ავტომობილების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც გზებზე რეალურად გადაადგილდებიან, არ ვიცით. რეგისტრაცია არის არაზუსტი. თუ რეგისტრაციით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მიმართვიანობა 60%-ზე მეტი არ არის, რაც არადამაკმაყოფილებელია. გზებზე კანონის აღსრულება კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია,“ - აცხადებს მესხიშვილი.
მისივე თქმით, სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის 10-წლიანი მოდელია, რომლის ფარგლებშიც ბაზარი ამჟამად ფუნქციონირებს. რეფორმის დაწყებიდან 8 წელი გავიდა, დარჩენილი 2 წელი კი ბიზნესს უპერსპექტივობის განცდას უჩენს, რაც ინფრასტრუქტურულ განახლებას შეუძლებელს ხდის.
დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ სექტორმა არ იცის, რა მოხდება 2027 წელს.
“8 წელი გავიდა რეფორმის დაწყებიდან და ტექნიკური აღჭურვა, შენობა-ნაგებობები უკვე საჭიროებს განახლებას. ამ ეტაპისთვის სექტორმა არ იცის თავისი მომავალი. ბაზარი 10 წლის ვადით არის დარეგულირებული და ამ ვადიდან 8 წელი გასულია. იმისთვის, რომ ინვესტირება განხორციელდეს, ბიზნესმა უნდა იცოდეს მომავალი. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ამ სფეროს მომავალი არის ბუნდოვანი და გაურკვეველი. ბაზარი ისევ დახურული დარჩება, გაიხსნება თუ რა მოწყობა იქნება?,“ - განმარტავს დავით მესხიშვილი.
მისივე თქმით, ეს გაურკვევლობა სერვისის ხარისხზე პირდაპირ აისახება.
„თუ სფერომ არ იცის მომავალში რა იქნება, სესხის აღებაც კი, იმისთვის, რომ გააუმჯობესო შენობა-ნაგებობების მდგომარეობა ან ტექნიკური აღჭურვა შეცვალო, შეუძლებელი ხდება. ეს აფერხებს განვითარებას. საჭიროა რეფორმის ახალი ტალღა, რაც გულისხმობს აღჭურვის გაუმჯობესებას, ახალი სერვისების დანერგვას და სიახლეებს, რომელიც ბიზნესის მხრიდანაც უნდა მოდიოდეს,” - ამბობს დავით მესხიშვილი BMG-სთან.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც მესხიშვილი ყურადღებას ამახვილებს, „ცენტრებს შორის განსხვავებული მიდგომებია“, რაც სისტემის სანდოობას არყევს.
“ის, რაც ინსპექტირების ერთ ცენტრში დახარვეზების მიზეზი ხდება, შეიძლება, მეორე ცენტრში არ გახდეს და ავტომობილმა ინსპექტირება ხარვეზის აღმოფხვრის გარეშე გაიაროს. ეს საჭიროებს ჩაღრმავებას, რომ აღარ არსებობდეს არაერთგვაროვანი ინსპექტირება. მონიტორინგი უნდა იყოს არა მხოლოდ იმაზე, დაარღვია თუ არა ინსპექტორმა რამე, არამედ იმაზეც, რომ ეს პროცესი გამოსწორდეს და აღმოიფხვრას,” - აცხადებს მესხიშვილი.
2025 წელს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 1 337 777 სატრანსპორტო საშუალებას. მათგან 997 161-მა დააკმაყოფილა ტექინსპექტირების მოთხოვნები, ხოლო 340 616-მა ვერ დააკმაყოფილა. გამოდის, რომ შემოწმებული მანქანების დაახლოებით მეოთხედმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შესაბამისი მონაცემები საქსტატმა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 914 908-ს შეადგენს. შესაბამისად, 2025 წელს ავტოპარკის დაახლოებით 30% ტექინსპექტირებაზე არ გასულა.




























