ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი მკაცრდება. მთავრობა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას გეგმავს, რომელსაც ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის/კონტროლის უფლებამოსილება დაეკისრება. მათ შორის, სააგენტოს ინსპექტირების პროცესის ვიდეომონიტორინგის უფლებაც ექნება.
საკანონმდებლო ცვლილება კონტროლის გასამკაცრებლად 10 პირისგან შექმნილი გუნდის დაკომპლექტებას და დარღვევებზე ცენტრებისთვის ჯარიმების ოდენობასაც განსაზღვრავს. კერძოდ, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარი იქნება, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარი, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარი იქნება.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, ცვლილება მნიშვნელოვანია. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ტექინსპექტირების ცენტრები ამ ეტაპზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოწმდება.
"სექტორისთვის სასარგებლო იქნება. მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად მსგავსი სახის კონტროლი, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში არის. მოდელი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგანაა გადმოტანილი. ტექინსპექტირების ცენტრებს დღესდღეობით წელიწადში ერთხელ უწევთ აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან მონიტორინგი, პერმანენტული მონიტორინგი არ მიმდინარეობს", - აღნიშნა მან.
როგორც გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კანონში ჩაიწეროს, რა ინტენსივობით შემოწმდება ცენტრები.
"კონკრეტულად არის მისათითებელი, რა სახით ჩატარდეს კონტროლი. ჩავერთვებით ჩვენც, ბიზნესიც მიიღებს მონაწილეობას. მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი , ერთგვაროვანი მიდგომები უნდა იყოს სისტემის მიმართ", - განაცხადა მან.