ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცენტრებში მიმართვიანობა 10-12%-ით არის შემცირებული.
როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, მიმართვიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ცენტრებს ფინანსური პრობლემები არ შეექმნათ და კადრების შენარჩუნება შეძლონ.
"კვლავაც არის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა აღსრულება. ბოლო პერიოდში მიმართვიანობის პრობლემები იყო ტექინსპექტირების ცენტრებში. მიმართვიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრებმა შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, კადრების გადინება მტკივნეულია და ამ მიმართულებით არ უნდა წარიმართოს პროცესები ისე, რომ ფინანსურად პრობლემები ჰქონდეთ ცენტრებს და ვერ შეინარჩუნონ თანამშრომლები",- აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.
მისივე თქმით, სექტორი კვლავ საფასურის ზრდას ითხოვს, რაც მათი გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.
"არსებული პრობლემების ფონზე, მნიშვნელოვანია პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს, გაზრდილი ხარჯების გამო, რაც ტექნიკური ბაზის განახლებას სჭირდება, ასევე ხელფასი, რაც 7 წლის წინ იყო, აღარ აკმაყოფილებთ ამ სფეროში დასაქმებულებს, ამიტომ დადგა საფასურის ზრდის საკითხი. საბოლოო ჯამში, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, სექტორი ამას ითხოვს და საჭიროება დგას",- ამბობს გიორგი შიოლაშვილი.
რაც შეეხება ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგს, გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, პროცესი ნელ-ნელა უკვე აქტიურდება.
"კანონმდებლობით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უკვე აქვს უფლებამოსილება მინიჭებული, რომ განახორციელოს მონიტორინგი. მათ ვალდებულება აქვთ, რომ მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ, მივიდნენ და ადგილზე დაამონიტორინგონ ტექინსპექტირების ცენტრები, ასევე პროცესზე დაკვირვებას ახორციელებენ ვიდეომონიტორინგის საშუალებით. კონკრეტულ მონიტორინგის შემთხვევებზე რა შედეგი დაიდო, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, ეს პროცესი ნელ-ნელა უკვე აქტიურდება და შემდგომში უკვე რაღაც ინფორმაციებიც გვექნება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მისასალმებელია, საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ინსპექტირების პროცესის დახვეწას",- ამბობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.