7 დეკემბერს, ტექნიკურ უნივერსიტეტში "ლაიონ ტრანსის" სახელობითი ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიის მიზანია, საქართველოში ელექტროავტომობილების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დარგის სპეციალისტების სწავლების ხელშეწყობა.
ლაიონ ტრანსი, როგორც ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში, ავითარებს სფეროს და ზრუნავს ელექტროავტომობილების პოპულარიზაციაზე, როგორც საცალო ისე ბიზნესსექტორში.
ელექტროავტომობილების შესახებ მოსახლეობისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. პერსპექტივების გათვალისწინებით, სწორედ აღნიშნული ავტომობილი ქმნის სატრანსპორტო მომავალს როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ მანქანათმშენებლობა და მისი საფუძვლებისა და ტექნოლოგიების შესწავლაა. ელექტროავტომობილების კვლევა და აღნიშნული მიმართულების სწავლების განვითარება კი სიახლის დანერგვას ემსახურება. ისეთი სიახლის, რომელიც განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მოგვცემს შესაძლებლობას, მოქალაქეები გახდნენ არა მხოლოდ ელექტროავტომობილების მომხმარებლები, არამედ მანქანათმშენებლობის ამ კონკრეტული დარგის პროფესიონალები.
კვლევითი ლაბორატორია და მისი გუნდი, ჩართული იქნება არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ დარგის წამყვან უცხოელ კოლეგებთან ერთად (ჩინეთი/გერმანია), შეისწავლის სხვადასხვა მიმართულებებს და ჩაატარებს ერთობლივ კვლევით სამუშაოებს. რაც საშუალებას მოგვცემს ქართველი სტუდენტები ჩაერთონ ამ სამუშაო პროცესში, რომელიც ინდუსტრიის ყველაზე დიდ მწარმოებლებთან განხორციელდება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში შეიქმნა ლაიონ ტრანსის სახელობითი ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფილია იმ დანადგარებითა და მასალებით, რომელიც საჭირო და აუცილებელია მოცემული დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის.
აუდიტორიის შექმნის იდეა ემსახურება ელექტროავტომობილების პოპულარიზაციას და აღნიშნული დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში, სამომავლოდ პროფესიული კუთხით დაინტერესების მიზნით.