ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ქართულ ბაზარზე პროდუქციის შემოწმებას იწყებს, ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლა მეწარმის 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სააგენტოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმების ოდენობა 7 ათასამდე ლარის დიაპაზონით განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შედის.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ყველა იმ პროდუქტს შეამოწმებს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონი - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი.“
„ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმებით. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.“- ნათქვამია კანონპროექტში.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლება მიენიჭება პროდუქტების ფარული შესყიდვაც მოახდინოს თუ აღნიშნული ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტურად აღმოჩენასა და გამოვლენას.

























