მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტექნიკური ცვლილებებია“ - გიორგი ტყემალაძე 2023 წელს ფუნქციური ზონის 332 ცვლილებაზე

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის 2023 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში, ფუნქციური ზონის სულ 344 ცვლილებაზე შემოვიდა განაცხადი. აქედან: 332 შემთხვევაში ზონა შეიცვალა, განხილვის პროცესში კი ზონის ცვლილების 12 შემთხვევა რჩება.

„ანალიტიკა“ დაინტერესდა, გიორგი ტყემალაძის შეფასებით, ეს ბევრია თუ ცოტა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისის მერიაც და თბილისის საკრებულოც თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას ყოველთვის თბილისის კონსტიტუციას უწოდებდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 2019 წელს მიღებული თბილისის განვითარების გენერალური გეგმა ერთ-ერთი ის მონაპოვარია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქალაქის განვითარება არ ხდება ქაოსურად.

„ფუნქციური ზონის ცვლილებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის ტექნიკური ცვლილებები - რომლებიც გენერალური გეგმის მასშტაბმა ვერ განსაზღვრა - იმიტომ რომ ეს არის 1:10000-იანი მასშტაბში და შესაბამისად, ძალიან ბევრი ტექნიკური, ლოგიკური ხარვეზი არსებობს - ამბობს გიორგი ტყემალაძე „ანალიტიკა“-ს პირდაპირ ეთერში - ამავდროულად, გენერალური გეგმა პირდაპირ ამბობს, რომ ქალაქი იყოს შეკავშირებული და ქალაქი განვითარდეს - მათ შორის, ყოფილი სამრეწველო ობიექტების ხარჯზე მიმართულებით. შესაბამისად, როდესაც დღეს არსებულ ტერიტორიას ადევს, მაგალითად, ფუნქციური ზონა აქვს მინიჭებული სამრეწველო ზონა - მისი სხვა ფუნქციით განვითარებას გვეუბნება პირდაპირ გენერალური გეგმა, თუმცა ანალოგიური ფუნქციური ზონის მინიჭება უნდა მოხდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების და მიღების შესაბამისად.“

„ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის რეპლიკას - მაშინ რატომ არ აქვს ზონის ყველა ცვლილებას გენერალური გეგმის ავტორების უპირობო მხარდაჭერა - გიორგი ტყემალაძემ უპასუხა, რომ გარკვეულ პოზიციებში გენერალური გეგმის გარკვეული ავტორების მხრიდან - და არა ყველას მხრიდან - აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, თუმცა, ეს ნორმალური პროცესია.

„გენერალური გეგმა, მიუხედავად იმისა რომ არის შეიძლება ითქვას ქალაქის კონსტიტუცია და მის მიხედვით ვითარდება ქალაქი, გარკვეულ შესწორებებს გარკვეული მიმართულებით - იგივე, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს.

შესაბამისად, შეიძლება იყოს გარკვეული სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა მე ერთი რამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ქალაქი დღეს ვითარდება გენერალური გეგმის შესაბამისად“, - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები