საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი, განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძე თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმას არა - აკადემიურ საჭიროებად, არამედ უნივერსიტეტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ნგრევის პროცესად აფასებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მიერ ორი უნივერსიტეტის შერწყმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-თან გაერთიანების გადაწყვეტილება არის სიმბოლური დასტური იმისა, რომ საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომია მხოლოდ ფურცელზე დარჩათ.
ნიკო სილაგაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის არსებობის აზრი მის თვითმმართველობაშია, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულად უგულებელყოფილია.
„ეს არის ფეხქვეშ გათელვა უნივერსიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - ავტონომიურობის პრინციპის. უნივერსიტეტი მაშინ არსებობს, როცა მას ავტონომია აქვს, როდესაც ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას განვითარებასთან დაკავშირებით... დღეს ხაზგასმით, სიმბოლურად და ერთმნიშვნელოვნად ითქვა, მგონი, ყველას გასაგონად, რომ ეს პრინციპი არ მოქმედებს ჩვენს უნივერსიტეტებში;
[ტექნიკური უნივერსიტეტის] რექტორსაც, რომელიც არ გამოირჩევა მაინცდამაინც ნეგატიური განწყობებით ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მგონი, წამოსცდა, რომ ეს [ავტონომიურობა] არის მთავარი. ვფიქრობ, ამის იქით დიდად საუბრის გაშლა, შეიძლება, არც იყოს აუცილებელი. როდესაც უნივერსიტეტი არ იცავს თავის ავტონომიას, ის აღარ არის უნივერსიტეტი და ალბათ მობილიზება მართებთ აკადემიურ წრეებს, რომ უმაღლესი განათლება, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ელემენტი, შევინარჩუნოთ“, - აცხადებს განათლების სპეციალისტი.
ნიკო სილაგაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტების მართვის სტილზე საქართველოში. ის აკრიტიკებს რექტორებსა და ხელმძღვანელ რგოლებს იმის გამო, რომ ისინი ვერ წარმოადგენენ პროფესურის ინტერესებს და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ნებას ასრულებენ.
„ინსტიტუციებს უნდა წარმოადგენდნენ მენეჯერები, რომლებსაც თავისი თანამშრომლების ინტერესები და შესაძლებლობები მიაქვთ ზემოთ... მხოლოდ ზემოდან არ მოაქვთ ქვემოთ გადაწყვეტილებები. ვისაც უბრალოდ ზემოდან მოაქვს გადაწყვეტილებები, ასეთ კადრებს ჰქვია მდივნები და ჩვენთან, სამწუხაროდ, მენეჯერების და ხელმძღვანელების პოზიციებზე ხშირად მუშაობენ მდივნები, ოღონდ იღებენ მენეჯერების ხელფასებს - ეს არის უბედურება“, - ამბობს ნიკო სილაგაძე.
განათლების სპეციალისტი გამოსავალს არა მხოლოდ ქუჩის პროტესტში, არამედ შიდა, სტრუქტურულ დაუმორჩილებლობაში ხედავს.
მისი აზრით, აკადემიურმა წრეებმა უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა ხელი შეუშალონ „ერთი ხელის მოსმით“ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
„უნდა იყოს ზეწოლა [ინსტიტუციების შიგნით], რომ „არ მოვაწერ რაღაცას ხელს“. ასეა თუ ისე, მაინც კონსტიტუცია აქვს ჩვენს ქვეყანას, მაინც სახელმწიფო ვართ და რეალურად, თუკი არ აკადემიური წრეები არ დანებდებიან, ინსტიტუციური ბრძოლით ნამდვილად შეიძლება შეიქმნას ის წინაღობები, რომელიც ხელს შეუშლის ასე ერთი ხელის მოსმით ასეთი მტკივნეული და არასასურველი გადაწყვეტილებების განხორციელებას“, - აცხადებს ნიკო სილაგაძე.




























