„დიდ დიღომში, ტექნიკის მაღაზია „ტექნო ლუქსის“ საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალი 2 მილიონ დოლარს აღემატება,“ - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი დვალიშვილმა განუცხადა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და შენობა სრულად დაიწვა.
როგორც დვალიშვილი აღნიშნავს, პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდათ.
მისივე თქმით, გუშინ გვიან ღამე მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, მისი საწყობის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, დაჩი დვალიშვილი კონკრეტულ ვერსიაზე საუბრისგან თავს იკავებს.
„ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა შეიძლება იყოს ხანძრის გამომწვევი მიზეზი, რადგან ადგილზე მისვლა და დეტალების შესწავლაა საჭირო. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველაფერი დაიწვა და კომპანიას დაზღვევა არ აქვს“, - განუცხადა bm.ge-ის დაჩი დვალიშვილმა.
ცნობისთვის: „ტექნო ლუქსი“ ბოლო 5 წლის განმავლობაში საბითუმო ვაჭრობაზე იყო გადასული. კომპანიამ ამ პერიოდში, ჯამში, თბილისის და რეგიონის მასშტაბით, 11 მაღაზია დახურა.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში გუშინ გვიან ღამე ტექნიკის მაღაზია "ტექნო ლუქსის" საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია;
ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 1800 კვადრატული მეტრის ფართი.

























