აშშ-ში საქართველოს ყოფილი დესპანის, Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ციკოლიას შეფასებით, საკონსულტაციო სექტორი USAID-ის გასვლის შემთხვევაში დიდ დარტყმას მიიღებს.
მან BMGTV-ს გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ამერიკისგან საქართველოს ინსტიტუციური და სექტორული მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ არაერთი ინდუსტრიაა, რომელშიც ბევრი პროგრამა აშშ-ის დახმარებით განხორციელდა.
"ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი ტიპის [განვითარების პარტნიორებისგან] დახმარებამ, განსაკუთრებით აშშ-დან, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურ განვითარებაში. აქ არაა საუბარი მხოლოდ იმ განვითარებაზე, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს ეხება, საუბარია სხვადასხვა ინდუსტრიებზე. ტექნოლოგიების მიმართულებით მგონი დღემდე ხორციელდება პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ამ სექტორში ახალგაზრდების შემოსვლას, გრანტებს გასცემს ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით, რომ ყველამ ვინცაა დაინტერესებული, ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. სწავლის პროცესში ჩართულობა გრძელვადიანად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თუ სწორად მახსოვს, ხარჯის დიდ ნაწილს USAID-ის ერთ-ერთი პროგრამა ფარავს და ბევრი ქართული კომპანიაა, რომელიც ამით სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს.
კიდევ ერთი ინდუსტრია რომ ავიღოთ, ესაა საკონსულტაციო ინდუსტრია. ზოგადად, საქართველოს ბაზრისთვის ასეთი ტიპის ინდუსტრიის განვითარება საკმაოდ რთულია, რადგან კერძო სექტორი კიდევ არაა იმდენად მდგრადი და ძლიერი, რომ გარკვეული კაპიტალი დაუთმოს გრძელვადიან ტრანსფორმაციას, ახალი პროექტების თუ პროდუქტების დანერგვას, ყველა იმ პროცესებს, რისთვისაც საკონსულტაციო ინდუსტრია ეხმარება. შესაბამისად, ჩვენი საკონსულტაციო ინდუსტრია დიდწილად ორიენტირებულია ქვეყანაში დაგროვილი ცოდნის ქვეყნის გარეთ გატანაზე, რაშიც ასეთი ტიპის ორგანიზაციები, მათ შორის USAID არიან დიდწილად ჩართული და [USAID-ის გასვლა] იქნება ძალიან დიდი დარტყმა",- ამბობს გიორგი ციკოლია.
მან ინვესტორების მიმართულებით მოსალოდნელი ეფექტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ რომ USAID-ის ნაწილში ინვესტორებზე დიდ გავლენას არ ელის, რადგან მათმა დიდმა ნაწილმა არ იცის, რა პროცესებშია ორგანიზაცია ჩართული. თუმცა მისივე თქმით, ინვესტორებზე დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის შეფასებები.
"მგონია, ინვესტორების უმეტესობამ არ იცის რა პროცესებშია ჩართული და რაში ეხმარება [USAID] და ამ პროცესებში ინვესტორების მხრიდან დიდ გავლენას ვერ ვხედავ. თუმცა რაც ეხება IMF-ს და მსოფლიო ბანკის შეფასებებს და პროგრამებს, მათ საერთაშორისო ინვესტორები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც პირდაპირ ეხება ფინანსურ ინდუსტრიას. ასევე, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების დასკვნები დიდწილად გამომდინარეობს იქიდან თუ, როგორც აფასებს ქვეყანაში ვითარებას IMF, EBRD და სხვა საერთაშორისო განვითარების ბანკები. მათი დასკვნა მნიშვნელოვანია რეიტინგისთვის, ხოლო რეიტინგს პირდაპირ გავლენა აქვს რამდენად იაფია ან ძვირი კაპიტალი, ანუ ფული შემოვა საქართველოში",- აცხადებს გიორგი ციკოლია.




























