იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში დაარსდება. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ".
"ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია. რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს აფინანსებს ფონდი "ქართუ". მსურს დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.
მინდა ხაზი გავუსვა ნაწილაკთა ამჩქარებლის კომპლექსის მნიშვნელობას. მისი მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება. მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი ონკოლოგიის მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე.
ჩვენ ვფქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ეს ისნტიტური გახდეს წამყვანი, უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრი ადგილი.
აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები. აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისთვის.
ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ მსოფლიოს სამეცნიერო კვლევებში. მინდა ხაზი გავუსვა, იმას, რომ სტუდენტების სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს მთლიანად დააფინანსებს ფონდი "ქართუ".
ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობაში. ეს მათ დამატებით გამოცდილებას შესძენთ. ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია სამეცნიერო სფეროს განვითარებაში", - განაცხადა პრემიერმა ღონისძიების გახსნისას.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი - სიმსივნის ადრონული თერაპია.

























