მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოლოგიური კომპანიები კადრებს ათავისუფლებენ - სად მიდიან სამსახურის გარეშე დარჩენილი ტექტალანტები?

642701ef82d6d
მარიამ იზორია
01.04.23 16:10
1414
სტატიაში საუბარია:
გასული წლიდან დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თანამშრომლების მასშტაბური გათავისუფლება დაიწყეს. კომპანიები ამას ხარჯების შემცირების სურვილით და “ეფექტიანობის” გაზრდით ხსნიან. 14 მარტს ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ განაცხადა, რომ სამსახურიდან დამატებით 10 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს Meta-მ 11 000 ადამიანი უკვე დაითხოვა, ჯამში ეს საკმაოდ დიდი სამუშაო ძალაა.

Meta ამ გადაწყვეტილებაში მარტო არ არის. 20 მარტს თანამშრომლების შემცირების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მიიღო. Amazon-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამჯერად კომპანია 9 000 თანამშრომელს დაემშვიდობება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Amazon-მა 18 000 კადრი სამსახურიდან უკვე დაითხოვა.

Crunchbase-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ჯამში 2023 წელს 118 000-ს ადამიანს გაათავისუფლებენ, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაგალითად, Salesforce-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ 8 000 ადამიანსაც გაათავისუფლებს. ამას ემატება 140 000 ტექტალანტი, რომელიც გასულ 2022 წელს ამავე კომპანიებმა დაითხოვეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინვესტორებს კომპანიების მიერ დაგეგმილი საკადრო ცვლილებები არ აშფოთებთ. პირიქით, ისინი თვლიან, რომ ხარჯების შემცირება საჭირო გადაწვეტილებაა.

კომპანიების მიერ 2022 წლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავეთა მხოლოდ 6%-ს წარმოადგენს. გასული წლის განმავლობაში ტექკომპანიები კადრების გათავისუფლების პარალელურად ახალი თანამშრომლების დაქირავებასაც აგრძელებდნენ, ამიტომ მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. 2023 წელს სიტუაცია იცვლება და ტექკომპანიების გადაწყვეტილებები, ინდუსტრიაში დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას იწვევს.

ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება კითხვა - სად მიდიან გათავისუფლებული ტექტალანტები?

გამოცემა The economist-ის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, პანდემიამ დასაქმებაში ტექნიკური ინდუსტრიის წილის ზრდა გამოიწვია. სექტორმა ამ პერიოდში დაახლოებით 1 მილიონი დამატებითი კადრი აიყვანა. ამავდროულად კი ინდუსტრიას ახალი თანამშრომლების მოძიების თავისი წესები ჰქონდა - რაც წელიწადში მხოლოდ 25 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გულისხმობდა. ტექინდსუტრიაში დასაქმებულები სამსახურის დაკარგვისგან არც ახლა არიან დაზღვეულნი, რადგან მსხვილი კომპანიები თანამშრომლების გათავისუფლებას არც სამომავლოდ მოერიდებიან.

ნიჭიერი ტექმუშაკების “ველურ ბუნებაში” გაშვებამ შესაძლოა სიკეთე სხვა ინდუსტრიებსაც მოუტანოს, მათ შორის, კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ ციფრულ ინდუსტრიაში ოპერირებას. მაგალითად, ჯონ დირი, ტრაქტორებიის ამერიკული მწარმოებელი გათავისუფლებულ ტექტალანტებზე ნადირობს და მათთან ერთად ისეთ მანქანებს ქმნის, რომელიც ჭკვიანი ფერმის კონცეფციას მოერგება. ჯონ დირის გარდა, ტექმუშაკებს სხვა ავტომობილების მწარმოებლებიც აქტიურად ქირაობენ, ტექტალანტებზე მონადირეებს უერთდებიან ბანკები, სადაზღვევო ინდუსტრია და კომპანიები, რომლებიც საცალო ვაჭრობით არიან დაკავებულები.

გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის აქტიურად არის ჩართული ახალი თაობის სტარტაპების განვითარებაში. როგორც Economist-ი წერს, ამას მოწმობს ისიც, რომ იანვარში, სილიკონ ველის სტარტაპ სკოლაში, y Combinator-ში, განაცხადების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა. სამსახურის გარეშე დარჩენილი გამოცდილი ტალანტები ერთვებიან ჩატ ჯიპიტის განვითარებაშიც.

ოპტიმისტები იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგიური კომპანიების მიერ გათავისუფლებული მუშახელი, ტექნოლოგიებში ახალ ინოვაციურ გარღვევას მოახდენს, რადგან ტექტალანტები, თავიანთი ინდივიდუალური ხედვით სულ უფრო და უფრო ერთვებიან ახალი პროდუქტების შექმნაში. მეტიც, სამსახურიდან გათავისუფლებულმა სამუშაო ძალამ შესაძლოა სამომავლოდ სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიებში ახალი სამუშაო ადგილებიც თავადვე შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები