მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექსტილისა და თეთრეულის დასუფთავების კომპანია "ვინ ვეი" ქიმწმენდის მიმართულების დამატებას გეგმავს

ვინ ვეი

ტექსტილისა და თეთრეულის დასუფთავების კომპანიამ „ვინ ვეი“, რომელიც სასტუმროებს სწორედ ამ კუთხით ემსახურება, მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით გაფართოებას და ქიმწმენდის სერვისის დამატებას გეგმავს - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის თანადამფუძნებლებმა, ნანა კაცაძემ და ეკატერინე დევდარიანმა ისაუბრეს.

ნანა კაცაძის ცნობით, მათი სამიზნე აუდიტორია, მსხვილი სასტუმროები არიან. თუმცა, გამოწვევაა ის ფაქტი, რომ კომპანიას ამ ეტაპზე ქიმწმენდის მომსახურების სერვისი არ აქვს, რაც დიდ ობიექტებთან თანამშრომლობას აფერხებს.

„რა თქმა უნდა, ორიენტირი ხარისხზე ავიღეთ, შესაბამისად არ გვინდა, რომ ბევრ სასტუმროსთან ვიყოთ, გვინდა რომ მსხვილი მომხმარებლები გვყავდეს. თუმცა, აქაც გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან როგორც აღმოჩნდა, ქიმწმენდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მსხვილი სასტუმროებისთვის. ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც შეგვიძლია მომხმარებლებს ხარისხიანი რეცხვა შევთავაზოთ. თუმცაღა, სრულად რომ ავითვისოთ ისეთი მსხვილი კომპანიები, რომლებიც ჩვენი სამიზნე ობიექტებია, საჭიროა გავფართოვდეთ.

სამრეცხაოს ნაწილში ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ კარგად გაგვიცნო. კმაყოფილი მომხმარებლებიც გვყავს. მოგვიწია ცვლების დამატებაც, რადგან დაკვეთები და მსურველები ბევრია. მოთხოვნა დიდია და ვცდილობთ ეს მიწოდება უზრუნველყოთ და ქიმწმენდის ნაწილში განვვითარდეთ“,- განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, კონკურენცია მათ სექტორში საკმაოდ მაღალია, თუმცა დიდ ნაწილს ქიმწმენდის მიმართულება არ აქვს, რადგან ის ცალკე მიმართულებაა, სხვა ხსნარები და მანქანა-დანადგარები სჭირდება. კაცაძე აღნიშნავს, რომ ქიმწმენდის მიმართულების დასამატებლად, დანადგარების სიძვირიდან გამომდინარე, საბანკო რესურსების მოძიება იქნება საჭირო.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ეკატერინე დევდარიანი ეთერში აცხადებს, ამ ეტაპზე ქიმწმენდის აპარატების მოძიების პროცესში არიან. დევდარიანი ასევე დასძენს, რომ სამომავლო პერსპექტივაში, დამხმარე კომპონენტების დამატებასაც გეგმავენ, მათ შორის ტექსტილის წარმოებასაც, რომელიც მოთხოვნიდან გამომდინარეა წამოსული.

„განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქიმწმენდის აპარატები დავამატოთ. ამ ეტაპზე, ამ კუთხით პარტნიორ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. უკვე ქიმწმენდის აპარატის მოძიების ეტაპზე ვართ, რადგან სასტუმროებისთვის კომფორტულია ერთ კომპანიასთან თანამშრომლობა.

სამომავლო პერსპექტივაში, გვინდა ამ სფეროსთან დაკავშირებული საკითხებიც ჩავრთოთ, მაგალითად ტექსტილის წარმოება, რაც ისევ მოთხოვნიდან გამომდინარეობს. თვითონ სასტუმროებისგან წამოვიდა. ისინი დაინტერესებული იყვნენ, თავად თუ ვაწარმოებდით ტექსტილს“,- აცხადებს ეკატერინე დევდარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები