კომერციულ ბანკების ნაწილი დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის ამოქმედებით ხარჯების გაზრდას ელოდება. როგორც "ბიზნესკონტრაქტს’’ "ტერა ბანკის’’ პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა განუცხადა, ქართული საბანკო სფერო საკმაოდ დაცულია და დეპოზიტარებიც აქამდე საკმაოდ დაცულად გრძნობდნენ თავს, თუმცა აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო მეტ სანდოობას შესძენს საბანკო სექტორს. აკა სანიკიძის თქმით, პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სადაზღვევო ფონდი, სადაც მოხდება ბანკების მიერ გაღებული თანხების აკუმულირება. გაღებული ხარჯების კომპენსირება კი სავარაუდოდ გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთებზე.
"ეს სიახლე გამოიწვევს რა თქმა უნდა ბანკის მხრიდან ხარჯების ზრდას. ამან შესაძლოა იმოქმედოს სატარიფო პოლიტიკაზე, თუმცა სანახავია, რა შესაძლებლობა იქნება ხარჯების მინიმალიზაციის მხრივ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების მატება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - აცხადებს აკა სანიკიძე.
კანონპროექტის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება, დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში.

























