ტერაბანკმა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკისგან (FMO) — 80,000,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბანკის ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით. მიღებული გრძელვადიანი ლარის რესურსი ტერაბანკს საშუალებას აძლევს გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხების პორტფელი და ამავდროულად ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესს.
მოზიდული ფინანსური რესურსი მიზნობრივად მოხმარდება:
- მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, მათ შორის აგრო, რეგიონულ, ქალთა და ახალგაზრდულ მიმართულებებს - ჯამური მოცულობის 75%.
- გარემოსდაცვითი (მწვანე) პროექტების დაფინანსებას — ჯამური მოცულობის 25%.
„მოცემული შეთანხმება ასახავს FMO-ს მიზანს, გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მოწყვლადი მეწარმეებისთვის. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებას. ამასთანავე, პარტნიორობა დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის დედოლარიზაციაზე. მოხარულები ვართ, რომ ტერაბანკთან ერთად ვუჭერთ მხარს ინკლუზიური და მდგრადი ბიზნესის განვითარებას.“ - განაცხადა FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა, რუჰი კოსგუნმა.
ტერაბანკისთვის აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გაზრდის, რეგიონული განვითარების მხარდაჭერისა და მდგრადი, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით.




























