მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა შიდა იდეათონის გამარჯვებულები გამოავლინა

ტერაბანკმა შიდა იდეათონის გამარჯვებულები გამოავლინა
25.03.24 11:43
399
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკში შიდა იდეათონის საუკეთესო ბიზნესიდეები და გუნდები გამოვლინდნენ. ინიციატივის დემო დღე და საზეიმო დახურვა „ფაბრიკაში“ გაიმართა და მას ჟიურის წევრებისა და მონაწილეების გარდა, ტერაბანკელებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიების პირველ ნაწილში იდეათონის ფინალურ ეტაპზე გასულმა ხუთმა გუნდმა ჟიურის, რომელთა შორის ტერაბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები იყვნენ, საკუთარი ბიზნესიდეები წარუდგინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. იდეათონის გამარჯვებულად სამი გუნდი — Izzy Travel, Pixcell და Renovator დასახელდა, თითოეულს კი ბიზნესპროექტის განვითარებისთვის 5000-5000 ლარი გადაეცა.

Izzy Travel ტურისტული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც ფილტრაციის ფუნქციებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სასურველი ტური მარტივად, საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად დააორგანიზოს. მას ონლაინ გადახდისა და დაჯავშნის ფუნქციებიც ექნება, რაც ბიზნესპროცესებს თავად პლატფორმის შემქმნელებსაც გაუმარტივებს. PixCell გასული საუკუნის ბოლო წლების არკადული აპარატებით შთაგონებულ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც ვიდეოთამაშებს გააერთიანებს და მაღალი ხარისხის აღჭურვილობის მეშვეობით, მსურველებს საუკეთესო რეტრო თუ თანამედროვე თამაშებს შესთავაზებს. რაც შეეხება Renovator-ს, ის ადამიანებს, რომლებსაც მშენებლობა და რემონტი სურთ, მთლიანი პროცესის ეტაპების, მასალების, ფასების, მომწოდებლებისა და ხელოსნების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ერთიან სივრცეში მიაწვდის.

„ტერაბანკისთვის ორგანიზაციის შიგნით ინოვაციური კულტურის განვითარება, თანამშრომლების მხარდაჭერა და მათი პირადი ბიზნესიდეების რეალიზების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ეს ინიციატივაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვფიქრობთ, იდეათონმა გაამართლა და გამარჯვებული გუნდების მრავალფეროვანი იდეების რეალიზებით, ძალიან საინტერესო პროდუქტები შეიქმნება“, - აღნიშნა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.

ტერაბანკის იდეათონი მცირე ბიზნესიდეების პრეაქსელერაციის პროგრამაა, რომლის განხორციელებაც გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. იდეათონის მიზანი ტერაბანკის თანამშრომლების საინტერესო და ინოვაციური ბიზნესიდეების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელერაცის პროცესში მონაწილე გუნდების წევრებმა ტრენინგები და მენტორინგი სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს. პროგრამის ფარგლებში მათ იდეების დახვეწა, პროტოტიპირება და ვალიდაცია, ბიზნესმოდელის გამართვა და ფინანსები, საინვესტიციო შეთავაზების ფორმატის ფორმულირება, საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკა და საინვესტიციო პიჩის მომზადება შეისწავლეს. ინიციატივის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები