მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტერაქტზე, რომელსაც პაკისტანში 31 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

პაკისტანი

პარასკევს ისლამაბადში, შიიტური მეჩეთის კარიბჭესთან თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. დაღუპულია სულ მცირე 31 ადამიანი - ეს პაკისტანის დედაქალაქში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და შესაბამისი განცხადება Telegram არხზე გაავრცელა.

დაჯგუფებამ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, მათი თქმით, იარაღით ხელში თავდამსხმელია ასახული, რომელსაც სახე დაფარული აქვს.

ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქების შედეგად 170-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც ქალაქის გარეუბანში მდებარე "ხადიჯა ტულ კუბრას" კომპლექსში შესვლისას დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია.

გადარჩენილების თქმით, ლოცვის დაწყებიდან მალევე ჯერ სროლის, წამებში კი აფეთქების ხმა გაიგეს.

"მამაკაცმა თავი მლოცველთა ბოლო რიგში აიფეთქა", - წერს პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ხავაჯა ასიფი სოციალურ ქსელ X-ში.

მინისტრის თქმით, ტერორისტს წარსულში ავღანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ასიფმა თავდასხმის სპონსორობაში მეზობელი ინდოეთი დაადანაშაულა, თუმცა მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა დაგმო, პაკისტანის განცხადებას კი "უსაფუძვლო" უწოდა.

"სამწუხაროა, რომ ნაცვლად საკუთარ საზოგადოებაში არსებული პრობლემების სერიოზულად მოგვარებისა, პაკისტანი თავს იტყუებს და საკუთარ წიაღში არსებულ სენებს სხვებს აბრალებს", - ნათქვამია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები