ურბანისტები ამბობენ, რომ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობა ადმინისტრაციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას ართულებს. ანა ბიბილაშვილის შეფასებით, ტერიტორიაზე ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სატრანსპორტო მიმართულებით პრობლემებსაც გააჩენს - ტერიტორიას ათასობით ავტომობილი დაემატება, რისი გატარებაც ვიწრო ქუჩებზე გაჭირდება.
“ქალაქგეგმარების თვალსაზრისით საერთოდ გაუმართლებელია ამ ფუნქციის ასე კონცენტრირებულად ისეთ ადგილას გადატანა, სადაც ფიზიკურად ვერ იარსებებს მიზიდულობის ცენტრი. როდესაც პარლამენტის შენობის გადატანა იგეგმებოდა ქუთაისში, მას ჰქონდა თავისი მიზეზი, რომ ახალი მიზიდულობის ცენტრი შექმნილიყო, რომელიც თავის ეკონომიკურ გავლენას მოახდენდა გარემოზე. ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხდება. პირიქით, რეალურად გაცილებით დიდ დეგრადირებას გამოიწვევს.
ამ ტერიტორიას არ აქვს არანაირი რესურსი, მათ შორის ლანდშაფტური რესურსიც, რომ ქალაქის ახალი ცენტრი შექმნას. იმ შემთხვევაში, როდესაც ქალაქის ახალი ცენტრის შექმნის მიზნით კონკრეტული ფუნქციები გადის ქალაქის ცენტრიდან მოშორებით სხვა ლოკაციაზე, ეს კარგი მოვლენაა, თავის მიზიდულობას გამოიწვევს, რომელიც მეტ-ნაკლებად განტვირთავს ქალაქის ცენტრს. ამ შემთხვევაში, ამ ტერიტორიას ლანდშაფტურად, მისაწვდომობით, გზების ინფრასტრუქტურით - ამის რესურსი არ გააჩნია, რომ იქ გაჩნდეს მიზიდულობის ცენტრი. ყველა მიმართულებით, ეს პროექტი არის კატასტროფა და გაუმართლებელი.
ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ გამოიწვევს კიდევ უფრო გართულებულ გადაადგილების შესაძლებლობებს. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მიდიან მერიაში, ვიზიტი აქვთ პრობლემების მოსაგვარებლად. თვითონ ამ დასახლებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება იქ ცხოვრება. იმიტომ, რომ, ეს იქნება ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი, ათასობით ავტომობილი ყოველდღიურად დაემატება იმ ქუჩებს, რომელიც დღესაც არ არის გამტარუნარიანი ამ არეალში,”- ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი BMG-სთან.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე, ახალ საოფისე შენობებში გადატანას გეგმავს - ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევიდან ირკვევა. ბაზრის მოკვლევის თანახმად, განიხილება როგორც კონკრეტული სამინისტროების, ასევე მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის შენობის და თბილისის მერიის არსენალის მთაზე გადატანის შესაძლებლობაც.




























