საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი Co-working სივრცეების ბიზნესის მართვისას სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს - ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური გარემო, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით არის განპირობებული; შედარებით პატარა, სხვა ბიზნესის დამატებული სამუშაო სივრცეები და საერთო სამუშაო სივრცეების ცენტრალურ უბნებში კონცენტრირება.
Cushman and Wakefield Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ თბილისში 31 სივრცე მოქმედებდა, რომელსაც 24 ოპერატორი მართავდა. Co-working სივრცეების რამდენიმე ლოკაციას აქედან მხოლოდ ტერმინალი, "კოლაიდერი" და "რეგუსი" მართავენ, დანარჩენ ოპერატორ კომპანიებს კი თითო-თითო სამუშაო სივრცე აქვთ.
კომპანიის დირექტორმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას Terminal-ის 7-წლიანი ოპერირების პერიოდი მიმოიხილა და იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რომელიც დღეს ბაზარზეა. ჯინო დოლინი მიიჩნევს, რომ დღეს ბაზარი გაჯერებულია და მნიშვნელოვანია, რომ საერთო სამუშაო სივრცეები თბილისის ცენტრის გარდა, დედაქალაქის გარეუბნებსა და ასევე რეგიონებშიც გაიხსნას.
- ტერმინალი, პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრე დაფუძნდა და მისი გაფართოება არც პანდემიის დროს შეგიწყვეტიათ. როგორ განვითარდა ბაზარი ამ 7 წლის პერიოდში?
Terminal-მა ამ 7 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ეტაპი გაიარა. ჩვენ ერთი ფილიალით დავიწყეთ, მალევე მეორე შემოვიერთეთ და როდესაც მივხვდით, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივდიოდით, გაფართოება გადავწყვიტეთ და სამი ახალი ფილიალის მშენებლობა დავიწყეთ და თავს დაგვატყდა პანდემია. ამ პერიოდმა Co-working სივრცეებზე ძალიან კარგად იმოქმედა და გამოაჩინა რამდენად მნიშვნელოვანია მოქნილობა ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის. იმ ბრუტალური ხელშეკრულებების საპირწონედ, რასაც ბიზნეს ცენტრები კომპანიებთან აფორმებენ, აღმოჩნდა რომ საერთო სამუშაო სივრცეები უფრო ხელმისაწვდომი, ხარჯთეფექტური იყო. უამრავი კომპანია გადმოვიდა Co-working სივრცეში, რამაც მოთხოვნა ძალიან გაზარდა. ამის მერე დაიწყო ჩვენი კონკურენტი კომპანიების მიერ საერთო სამუშაო სივრცეების გახსნა.... თუმცა მალევე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამაც ხელოვნურად შექმნა მოთხოვნის ბუშტი. 1.5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა კომპანიამ გახსნა საერთო სამუშაო სივრცე და სამწუხაროდ, ახლა ისევ დაიხურა ეს სივრცეები.
იმის გარდა, რაც Cushman & Wakefield-მა საოფისე სივრცეების მიმოხილვაში წარმოადგინა, რომ ქვეყანაში Co-Working-ში 24 კომპანია მოქმედებს 31 სამუშაო სივრცით, კიდევ არსებობს პატარა სივრცეები, რომლებსაც ჩვენ ვერ დავარქმევთ Co-Working-ს, მაგრამ ისინი ასე პოზიციონირებენ, მაგალითად კაფეს ლობიში, ან სპორტულ დარბაზში ერთი მაგიდით... მესმის რომ ბიზნესები თავისი გაყიდვებისთვის ყველა შესაძლობას იყენებენ, თუმცა ასეთი ფაქტები ინდუსტრიის სწორად განვითარებას ხელს უშლის, რადგან შესაბამისი სტანდარტების არ ხდება ბიზნესის წარმართვა და ეს Co-working სივრცეების სახელის გაფუჭებას უწყობს ხელს.
- რადგან ამბობს, რომ Co-working სივრცეები ტრადიციული ბიზნესცენტრების კონკურენტი გახდა. რა ფასადაა დღეისთვის საერთო სამუშაო სივრცეებიდან მუშაობა?
Сo-working სივრცეებში ერთთვიანი საწევროს ღირებულება სტანდარტულად 500 ლარია. არის უამრავი აქციები, არიან ასევე სპონსორები და ეს ფასები სეზონისა და დატვირთულობის მიხედვით 350-დან 500 ლარამდე მერყეობს. თუმცა ისეთი ადგილები, რაზეც უკვე ვისაუბრე, როლებიც არ არიან საერთო სამუშაო სივრცეები და ამ სტატუსით პოზიციონირებენ ისინი ბაზარზე ფასს აგდებენ და შესაძლოა 100 ლარადაც აძლევდნენ მსურველებს მუშაობის საშუალებას.
- ქვეყანაში ოფიციალურად საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი 24 კომპანია ოპერირებს. რამდენად ჯანსაღია კონკუკურენცია ბაზარზე და როგორ ახერხებს Terminal-ი პოზიციონირებას?
რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ კონკურენცია კომპანიის განვითარებისთვისაც საჭიროა. ამ კომპანიებიდან პირადად მე 5-6 კომპანიას გამოვარჩევდი, რომლებსაც კონკურენტებად ვთვლი. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიციების გასამყარებლად Terminal ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური მიდგომები, ახალი პროგრამები შევთავაზოთ. ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ კომუნის ზრდას და მნიშვნელოვანია ადამიანი არამხოლოდ მოდიოდეს და მუშაობდეს, არამედ სხვა ღირებულებებსაც იძენდეს. ეს იქნება ერთმანეთის გაცნობა, სინერგია, სტარტაპების ერთმანეთთან დაკავშირება თუ სხვა.
ასევე ჩვენ გასულ წელი შიდა განვითარებას დავუთმეთ და თუ მხოლოდ მოქნილი მენეჯმენტის კუთხით ვემსახურებოდით მომხმარებელს, ახლა სერვისოფისის მომსახურებაც შევთავაზეთ, რაც დიდი მოთამაშე კომპანიებშია აპრობირებული.
- რა წარმოადგენს საქართველოში Co-working ბიზნესის წარმოებისას მთავარ გამოწვევას?
ყველაზე დიდი გამოწვევა ის პატარა სივრცეები, რომლებიც გარემოს აფუჭებენ მისი არასწორად დადებული ფასებით, რადგან მისი მთავარი შემოსავალი საერთო სამუშაო სივრციდან არ მოდის, არამედ მოდის მაგალითად სპორტდარბაზიდან და Extra დამატებული 100 ლარი მისაღებია. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტებით ვიმუშაოთ, ვინაიდან ვთვლით, რომ ევროპული ქვეყანა ვართ და სტანდარტებიც საერთაშორისო უნდა გვქონდეს.
როგორც ვახსენეთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და ეს თუ უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება და საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდება, რთული იქნება მუშაობა. რადგან ჩვენთან ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია, BPO, სტარტაპები მუშაობენ, რომლებიც თუ რთული პოლიტიკური ვითარების გამო ოპერირებას შეაჩერებენ, ეს ჩვენზეც აისახება.
ერთ-ერთი გამოწვევაა ასევე დეცენტრალიზება. Co-working-ების უდიდესი ნაწილი ვერა-ვაკე, მთაწმინდაზეა მოქცეული. ვფიქრობ, სხვა უბნებსა და რეგიონებში გასვლა აუცილებელია...
- არის თუ არა ამაზე მოთხოვნა?
ახლა თუ არ არის მოთხოვნა აუცილებლად გაჩნდება, რადგან Co-working-ის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გეოგრაფიულადაც, რადგან ეს ზოგავს გადაადგილების დროს.
ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია “ტერმინალი” ქვეყანაში 7 წელია ოპერირებს. ის პირველი ქართული ბრენდი იყო, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე Co-working სივრცეების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი Terminal ბაზარზე 2017 წელს შემოვიდა და ის ამ მიმართულებით პირველი კომპანია იყო. ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა თბილისში 6 ლოკაციაზე და ასევე ბათუმშია შესაძლებელი. Co-working სივრცის საერთო ფართობი 9 000 კვადრატულ მეტრს აღემატება და სამუშაო სივრცეში ერთდროულად მუშაობა 1 300-ზე მეტ ადამიანს შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს “ტერმინალი”, როგორც საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცე, EuroAsian Startup Awards-ის გამარჯვებული და Global Startup Awards-ის ფინალისტი გახდა.