"თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი პიონერები ვართ ელექტრომობილების ბიზნესში", - ამის შესახებ BMG-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას Lion Group-ის გენერალური დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ისაუბრა.
„ელექტრომობილები არ არის დიდი ხნის დანერგილი ჩვენს ბიზნესში, თუმცა საინტერესოდ ვართ წარმოდგენილი. თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი პიონერები ვართ ამ ბიზნესში. არ ვართ ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი პიონერები ვართ და შესაბამისად, ამ ბიზნესს ცალსახად ექნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. გვინდა, დავნერგოთ გაყიდვის შემდგომი მომსახურება. ამ მიმართულებით ხედვები უკვე გვაქვს. წარმომადგენლობითი მიმართულებაც გვინდა დავნერგოთ. მულტიბრენდულად ვართ წარმოდგენილი, მაგრამ ამავდროულად გვინდა, წარმოვადგენდეთ ისეთ კომპანიას, რომელიც იქნება საინტერესო მომხმარებლისთვის“, - განაცხადა მან, თუმცა კომპანია არ დააკონკრეტა.
რაც შეეხება 2024 წლის სხვა გეგმებს, ლევან სუხიტაშვილის ინფორმაციით, იგეგმება 2023 წელს გახსნილი LION ტერმინალის გაფართოება, რომელი პროცესიც უკვე აქტიურ ფაზაშია.
„ვეცდებით, 2024 წლის პირველ ნახევარში დასრულდეს გაფართოებული ტერმინალი. ასევე დაგეგმილი გვაქვს წეროვნის ლოკაციაზე გაფართოება და ეს პროცესიც აქტიურ ფაზაშია. გაფართოების პირველი ეტაპი დასრულდა და მომდევნო ეტაპები ჩაშვებულია. უმნიშვნელოვანესია ასევე ის, რომ IAA -ს მეშვეობით მოლაპარაკება მიმდინარეობდა და მსოფლიო რუკაზე წარმოდგენილი ვიქნებით სარეალიზაციო ბაზად. ანუ, მომხმარებელს საკუთარი ავტომობილების რეალიზაცია შეეძლებათ, რომლებიც IAA-ს გენერალურ რუკაზე იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნებიან ეს ავტომობილები ჩვენი წეროვნის რუკაზე. ამ ავტომობილების შესყიდვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.