მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, ამერიკული Tesla-ს გარშემო, როგორც ჩანს, პრობლემები ჯერაც არ დასრულებულა. ილონ მასკის კომპანია იძულებული გახდა ათასობით Cybertruck-ი გამოეხმო, რადგან ამ ელექტროპიკაპის სატერფული, როგორც ჩანს, იმდენად გაუმართავია, რომ შესაძლოა, ის აჩქარებისას გაიჭედოს, ანუ ავტომობილმა აჩქარება უდროო დროს და უსასრულოდ დაიწყოს, რითაც ავტომობილის მგზავრები საფრთხეში ჩააგდოს.
როგორც ჩანს, სატერფულის აწყობის პროცესში, ლუბრიკანტად საპონი იყო გამოყენებული, რომლის გამო, სატერფულს გარსი ძვრება, ხოლო თავად სატერფული აჩქარების პოზიციაში იჭედება.
ამ დროისთვის, Tesla-მ 3,878 Cybertruck-ი გამოიხმო, რომლებიც კომპანიამ 2023 წლის ნოემბრისა და 2024 წლის აპრილის შუალედში გამოუშვა. აღნიშნული გაუმართაობის აღმოფხვრაში, ცხადია, მომხმარებლები თანხას არ გადაიხდიან, ხოლო ხარჯების დაფარვა ილონ მასკის კომპანიას მოუწევს. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომელიც, როგორც წესი, ავტომწარმოებელ კომპანიებს საგრძნობლად აზარალებს.
აჩქარების სატერფულის გაუმართაობა ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც ამ ავტომობილს ხვდა წილად, რადგან თავად ეს პროექტი, მრავალი წლის განმავლობაში, გაუმართავი იყო და პირველი Cybertruck-ის ხუთი წლის დაგვიანებით გამოშვება - ამის დასტურია. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ავტომობილები Tesla-მ უკვე მესამედ გამოიწვია. მიმდინარე წლის იანვარში, მართვისა და კარების დაკეტვის სისტემაში აღმოჩენილი დეფექტების გამო, ილონ მასკის კომპანიამ ჩინეთში 1.6 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოიხმო. მსგავსი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოხდა, როცა Tesla-მ ორ მილიონ ავტომობილზე მეტი გამოიხმო, ოღონდ, იმ დროს, ავტოპილოტის ფუნქციონალის გაუმართაობის გამო.
თუმცა Cybertruck-ისა და სხვა ავტომობილების გაწვევის გარდა, ამერიკულ Tesla-ს სხვა ეგზისტენციალური პრობლემებიც აქვს. წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციების ღირებულება 40%-ითაა შემცირებული, რაც, დიდწილად, კომპანიის გაყიდვების მკვეთრ კლებას უკავშირდება. საპირწონედ ამისა, ილონ მასკმა კომპანიის გლობალური სამუშაო ძალის 10%-ის დათხოვნა გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკული კომპანიის მენეჯმენტი აქციონერებს ილონ მასკის $56-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტის დამტკიცებას სთხოვს.