მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TESLA-მ რეკორდული მოგება და შემოსავლები მიიღო - საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები იზრდება

62611b4de5779
გიორგი თოლორდავა
21.04.22 15:44
3085
მიმდინარე კვირა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მსხვილი კომპანიების კვარტალური შედეგების გამოქვეყნებით დატვირთულია, ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღების ცენტრში სწორედ ის კომპანიები ექცევიან, რომელთაც ყველაზე გამორჩეული ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები აქვთ.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ 18.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს თითქმის მილიარდი დოლარით აჭარბებს; გასულ კვარტალში შემოსავლიდან მიღებულმა მოგებამ კი $3.2 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, Tesla-ს შემოსავლები 81%-ითაა გაზრდილი, რასაც ექსპერტები ძირითადად კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და მსოფლიოს მასშტაბით ახალი ავტომობილების გაძვირებას უკავშირებენ.

ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბებას, ცხადია, ინვესტორების და ტრეიდერების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ უოლ-სტრიტზე ოფიციალური სავაჭრო საათები დასრულებულია, ვაჭრობამდელ სესიაზე უკვე ფიქსირდება Tesla-ს აქციების 5.6%-იანი ზრდა.

ინვესტორების შეფასებით, კომპანიას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს - ამ ვარაუდებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს Tesla-ს ორი მსხვილი საწარმოო ქარხანა გაიხსნა, გერმანიასა და ტეხასის შტატში. მხოლოდ Gigafactory-ს საშუალებით კომპანია ყოველწლიურად დამატებით 500,000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს.

საგულისხმოა, რომ Tesla მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში ის ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საწარმოო შესაძლებლობებისა და წლიურად გაყიდული ავტომობილების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, Tesla მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება Toyota-ს, VW-ს, Mercedes-Benz-ისა და BMW-ს მონაცემებს, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე გადაჭარბებულადაა შეფასებული და ინვესტორებმა გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორთა და ანალიტიკოსთა ნაწილს Tesla-სა და მისი ქარიზმატული აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება წლებია აქვს, თუმცა კომპანიის ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ 5-წლიან ჭრილში Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 1,500%-ითაა გაზრდილი, კომპანიის შემოსავლიანობა კი თითქმის ყოველწლიურად იზრდება.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, TESLA-ს აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები