მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla, Nissan, BYD... - საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაცია გაორმაგდა | ბრენდების რეიტინგი

ავტოპარკი

თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში ქვეყანაში ელექტრომობილების პირველადი რეგისტრაციების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკს 10,323 ერთეული მსუბუქი ელექტრომობილი შეემატა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 5,255 ერთეულს შეადგენდა (წლიური ზრდა თითქმის 100%-ია); 2021 წელს კი, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 315 ელექტრომობილი დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილმა 9.1%-ს მიაღწია, მაშინ, როცა 2025 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 4.8%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - სულ რაღაც 1.2%-ს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ელექტროავტოპარკის 70%-ს ამერიკული და იაპონური ბრენდები შეადგენენ:

  • აშშ - 49%
  • იაპონია - 21%
  • გერმანია - 13%
  • ჩინეთი - 11%
  • სხვა ქვეყნები - 6%

ელექტრომობილების სეგმენტში უდავო ლიდერია Tesla, რომელზეც ელექტროპარკის 44% მოდის.

ბაზრის წილის მიხედვით ელექტრომობილების ყველაზე პოპულარული ბრენდების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. Tesla - 44%
  2. Nissan - 18%
  3. BYD - 5%
  4. Volkswagen - 5%
  5. BMW - 5%
  6. Chevrolet - 3%
  7. Hyundai - 2%
  8. Ford - 2%
  9. Porsche - 1%
  10. სხვა ბრენდები - 15%

აღსანიშნავია, რომ Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილებში ლიდერობს, არამედ 2026 წლის 9 თვეში საქართველოს პირველადი რეგისტრაციების საერთო ტოპ-ათეულში ყველა ტიპის ძრავის ჩათვლით პირველად შეაღწია: 5.9 ათასი რეგისტრირებული ერთეულით მან მე-8 ადგილი დაიკავა და ისეთ ტრადიციულ ბრენდებს გადაუსწრო, როგორებიცაა Honda (4.9 ათასი) და Volkswagen (4.7 ათასი).

საწვავის ტიპების მიხედვით, ბაზარზე ბენზინის ძრავების წილი 55%-მდე შემცირდა, ხოლო ჰიბრიდებისა (27%) და ელექტრომობილების (9%) ერთობლივი წილი უკვე 36%-ს აღწევს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მომხმარებელთა პრეფერენციების ელექტროტრანსპორტის სასარგებლოდ შეცვლა პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასების დინამიკასთან.

"საქსტატის" მონაცემებით (საბაზისო პერიოდად 2018 წლის დეკემბერია აღებული), დიზელის საწვავის ფასის ინდექსმა 2026 წლის სექტემბერში 183.5-ს მიაღწია, ბენზინის ფასის ინდექსი კი 161.8-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები