კომპანია Tesla-ს აქციების ფასი ეცემა. ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC-მა) ილონ მასკს ინვესტორების შეცდომაში შეყვანის გამო, სასამართლოში უჩივლა.
CNN-ის ინფორმაციით, 7 აგვისტოს, ილონ მასკმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც იუწყებოდა, რომ Tesla-ს აქციის ღირებულება $420-ს მიაღწევდა.
სკეპტიკურად განწყობილმა ინვესტორებმა ილონ მასკის განცხადებას არ დაუჯერეს და აქციების ფასიც $420 -ს ვერ გაუტოლდა. უმაღლესი ღირებულება, რომელსაც აქციებმა მიაღწია $387.46 იყო და მას შემდეგ ვარდნა დაიწყო.
ინვესტორების მხრიდან არსებული სკეპტიციზმი უსაფუძვლო არ იყო, რადგან მასკს დაფინანსება დაზღვეული არ ქონდა, - აცხადებენ SEC-ში. მათივე თქმით, მასკმა ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სულ რაღაც სამ კვირაში, უარი თქვა კომპანიის აქციების საჯარო განთავსებაზე.
აქციების ფასი $265 დოლარამდე დავარდა. ამან კი შეიძლება კომპანიას სერიოზული პრობლემები შეუქმნას, რადგან Tesla-ს აქცენტი ძვირადღირებული ქარხნებისა და მანქანების მშენებლობაზეა გამახვილებული, რისთვისაც დიდი რაოდენობით თანხაა საჭირო. ამასთანავე, Tesla-ს $1 მილიარდის ვალის გადახდა უწევს 2019 წლის თებერვალში. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის აქციების ღირებულება $360-ზე მეტი იქნება, მაშინ ვალის უდიდესი ნაწილის დაფარვა იქნება შესაძლებელი.
თუმცა, თუ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორება მოუწევს და მის ხელთ არსებული თანხა არ იქნება საკმარისი, კომპანიას ფინანსების მოძიება უფრო მეტი ვალით ან აქციების გაყიდვით შეეძლება.
მასკი უარყოფს კომპანიის რთულ ფინანსურ მდგომარეობას. მისი განცხადებით, Model 3-ის გაზრდილი გაყიდვები Tesla-ს საკმარის შემოსავალს მოუტანს იმისთვის, რომ კომპანია 2018 წლის მეორე ნახევრისთვის კვლავ მოგებაზე გავიდეს.
SEC-ის ორგანომ კი ფედერალურ მოსამართლეს მასკისთვის საჯარო კომპანიებში დირექტორისა და მმართველის პოზიციების დაკავების აკრძალვა მოსთხოვა.