საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. კომპანია "ჯეოველ რისერჩის" მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის 10 თვეში, ტექდათვალიერებაზე 84,850 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მისული, საიდანაც 32%-მა გაუმართავობის გამო, პირველადი ტესტირება ვერ გაიარა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დახარვეზებული ავტომობილების 30%-მა განმეორებით ტესტირებაზე არ გამოცხადდა. ქვეყანაში განმეორებითი ტესტირების დადებითი შედეგის მიღების გარეშე მოძრაობა აკრძალულია.
ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.
"ჯეოველ რისერჩის" კვლევის მიხედვით, ტექდათვალიერების პროცეში ავტომობილების გამონაბოლქვში იზომება მხოლოდ ნახშირჟანგის (CO) შემცველობა და კვამლიანობა - დიზელი სძრავიანი ავტომობილებისათვის, მაშინ, როდესაც ინსპექტირების ცენტრებში არსებულ გამზომ დანადგარებს ბევრად მეტი დამაბინძურებლის გაზომვის შესაძლებლობა აქვთ.
"ჯეოველ რისერჩი" ტექნიკური ინსპექტირების ზუსტი სტატისტიკის აღრიცხვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს:
"ამჟამად ინსპექტირების ცენტრები ინსპექტირებული ავტომობილების შესახებ აწარმოებენ რამდენიმე დამოუკიდებელ ბაზას. ამასთან, ბაზებში აღირიცხება მხოლოდ ინსპექტირების შემთხვევების რაოდენობა, პირველადი და განმეორებითი კატეგორიებით, სადაც პირველად ინსპექტირებაში ხვდებიან ისავტომობილებიც, რომელთაც ვერ გაიარეს განმეორებითი ინსპექტირება და ხელახლა მოუწიათ ფასიანი ტესტირება. ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ავტოპარკის რა ნაწილმა გაიარა სავალდებულო ინსპექტირება, ვინაიდან, კვლევის ფარგლებში შეუძლებელი იყო ყველა ბაზის მოპოვება. ამ მაჩვენებლის დადგენა ამჟამად შეუძლებელია ავტომობილების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე. დამატებით, შედარებით მსუბუქი და მეტად საფრთხის შემცველი ხარვეზები თანაბარმნიშვნელოვნად აღიქმება, რაც ქმნის გაურკვევლობას ინსპექტირების შედეგების და აღსრულების ნაწილში,"- წერია ორგანიზაციის კვლევაში.