მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თეთრი ნაკადის" პროექტის ფარგლებში ქართული მხარე უახლოესი თვეების გეგმაზე მუშაობს

59adc6d843899
დავით ჯალაღონია
05.09.17 10:00
2320
"თეთრი ნაკადის“ პროექტის ფარგლებში ქართული მხარე უახლოესი თვეების გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული გეგმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს იმისთვის, რომ სამართლებრივი, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით კითხვებს პასუხები გაეცეს.

"ახლა ვაკეთებთ გეგმას იმისთვის, რომ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ სანებართვო მიმართულებით, ასევე საპროექტო თუ ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით. ბევრი კომპონენტია, რომელიც მუდმივ კომუნიკაციას საჭიროებს პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირთან. ბიუჯეტურად „თეთრი ნაკადი“ და ტრანსკასპიური მილსადენის პროექტები შეფასებულია 8-9 მილიარდ დოლარად და ბუნებრივია, ეს გულისხმობს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, რომ პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს და აქ ინვესტორები ჩაერთონ“, - განმარტა ვალიშვილმა.

რაც შეეხება „თეთრი ნაკადისა“ და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტების განხორციელების პერსპექტივას, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თურქმენეთს დასავლეთის ბაზრები აინტერესებს, რადგან ახლა მისი პარტნიორი ძირითადად მხოლოდ ჩინეთია და მის ინტერესებში ექსპორტის დივერსიფიკაციაა.

„გარდა ამისა, მოხმარება იზრდება, ევროპაში ადგილობრივი წარმოება და მიმწოდებლების მიერ მოპოვებული გაზის რესურსი კი მცირდება და ბუნებრივია, გაზის ბაზარი უფრო მეტ რესურს მოითხოვს. ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად დაიტვირთოს კასპიის რეგიონიდან ჩვენი მიმართულება, რომ ჩვენ სარგებელი მივიღოთ. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ვაქტიურობთ“, - განაცხადა ვალიშვილმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტი განხორციელდა და თურქმენეთიდან ბუნებრივმა გაზმა აზერბაიჯანის საზღვრამდე მიაღწია, პირველ ეტაპზე დაახლოებით 7-8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

„პირველ ეტაპზე პატარა მოცულობები განიხილება. უფრო მარტივი შესასრულებელია, რომ თურქმენული გაზი სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემაში მოხვდეს. ამ ვარიანტის დამუშავებაზეა საუბარი. იცით, რომ სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემა შექმნილია 30 მილიარდი კუბური მეტრის გასატარებლად, ისევე როგორც TANAP, რომელიც შემდეგ თურქეთში გრძელდება. შაჰდენიზის მეორე ფაზის დამუშავების შემთხვევაში მილსადენები 22 მლრდ კუბურ მეტრამდე დაიტვირთება, ანუ ამ მილსადენებს დამატებით 7-8 მილიარდის გატარების რესურსი აქვს და შეიძლება, აზერბაიჯანულ გაზს თურქმენული დაემატოს და არსებული ინფრასტრუქტურა შეივსოს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ მიუხედავად მხარეების მიერ პოლიტიკურად გაცხადებული სურვილისა პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ვადები მაინც რთული შესაფასებელია, რადგან რამდენიმე წელი მხოლოდ კვლევებს დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ White Stream-სა და W-Stream Caspian Pipeline Company-ში 10-10% შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები