ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ MS NOW-ს, CNN-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლის უფლება აღუდგინა.
ტრამპის ადმინისტრაციამ მანამდე ჟურნალისტებს საშვები იმიტომ გაუუქმა, რომ პრეზიდენტმა მედიასაშუალებების მიერ მოვლენათა გაშუქება არაობიექტურად შეაფასა და გააკრიტიკა. მოსამართლე ტიმოთი კელიმ კი ეს მიდგომა უკანონოდ შეაფასა და ადმინისტრაციას პრესის საშვების, სულ მცირე, 14 დღით აღდგენა დაავალა. მოსამართლემ მედიასაშუალებების შუამდგომლობა სათანადო სამართლებრივი პროცედურის დარღვევის საფუძვლით დააკმაყოფილა. ტიმოთი კელიმ დაადგინა, რომ ეს შეზღუდვა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
საინტერესო ფაქტია, რომ წვდომის აღდგენიდან რამდენიმე საათში, MS NOW-სა და CNN-ის ჟურნალისტებს თეთრი სახლის ჩრდილოეთ შენობაში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიღების ღონისძიების გაშუქება მაინც აუკრძალეს. MS NOW-ის კორესპონდენტ ლორა ბარონ-ლოპესს საღამოს ცერემონიაზე შესვლაზე პირდაპირი უარი განუცხადეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტელეკომპანიამ სპეციალური აკრედიტაცია წესების დაცვით, წინასწარ მოითხოვა, თუმცა ადმინისტრაციისგან პასუხი ვერ მიიღო. ღონისძიებაზე დაშვებაზე უარი CNN-ის პროდიუსერსა და კორესპონდენტსაც ეთქვათ. როდესაც ლორა ბარონ-ლოპესმა შეზღუდვის მიზეზი იკითხა, თეთრი სახლის თანამშრომელმა მას კომუნიკაციების დირექტორ სტივენ ჩუნგთან გასაუბრება ურჩია.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებას წინ საკმაოდ დაძაბული ვითარება უძღოდა. სასამართლოს ღამის განჩინების მიუხედავად, ხუთშაბათს დილით ჟურნალისტებს შენობაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს, ნაწილს კი საშვები ჩამოართვეს. ამ ფაქტის გამო MS NOW-მ, CNN-მა და Politico-მ მოსამართლეს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ ოფიციალური საჩივრით მიმართეს. მოსამართლე კელიმ თეთრი სახლის ადმინისტრაციას ოფიციალური პასუხის გასაცემად ვადა 12:30 საათამდე განუსაზღვრა. დაწესებულ ვადამდე ერთი საათით ადრე კი საიდუმლო სამსახურმა ჟურნალისტებს ჩამორთმეული საშვები უკან დაუბრუნა.
ცნობისთვის, მოსამართლე ტიმოთი კელიმ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2018 წლის ნოემბერში, CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას პრესის საშვი ანალოგიური გადაწყვეტილებით დაუბრუნა. მაშინ თეთრმა სახლმა რეპორტიორს აკრედიტაცია მწვავე პრესკონფერენციის შემდეგ ჩამოართვა, რის გამოც ტელეკომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რამდენიმედღიანი დავის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტს საშვი საბოლოოდ აღუდგინა.
























