თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აგვისტოს თვეში უკრაინულმა მხარემ რუსული ნავთობგადამმუშავებლების 20% მწყობრიდან გამოიყვანა.
ლევიტის განცხადებით, ეს დარტყმები უკრაინის მხრიდან რუსულ შეტევებზე საპასუხო ნაბიჯები იყო. პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ნავთობ-ობიექტების დაბომბვა ენერგეტიკიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებული რუსეთის მეტ აგრესიულ რეაგირებას გამოიწვევს.
ლევიტის თქმით, ომში მყოფ ქვეყნებს შორის გაცვლილ სარაკეტო იერიშებს დონალდ ტრამპი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. იმაზე საუბრისას კი, თუ როგორია შტატების პრეზიდენტის რეაგირება, აღნიშნა, რომ ტრამპს მომხდარი არ მოსწონს, თუმცა არც უკვირს. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრის მიწურულს პრესმდივანმა სამშვიდობო პროცესში ტრამპის როლს გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარება ახლა ზელენსკისა და პუტინის ნებაზეა დამოკიდებული.




























