თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია "უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიტო წვერავა BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანიამ წარმოება გააფართოვა და ახლა მომხმარებელს ორაგულის ჩიფსს, ნაგეთსა და სულ მალე თევზის ხინკალსაც შესთავაზებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორაგულის ჩიფსი და ნაგეთსი ქსელურ მარკეტებში სატესტო რეჟიმშია წარმოდგენილი. წლის ბოლომდე კი, წარმოების ზრდას გეგმავენ.
„ამ ეტაპზე, ორაგულის ჩიფსებს მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, რომელიც ლუდის სახლებსა და ქსელურ მარკეტებშია წარმოდგენილი. შესული ვართ, „ორ ნაბიჯში“, „სპარში“,“ფუდმარტსა“ და სხვა ქსელურ მარკეტებში. ჩიფსის დასამზადებელი და შესაფუთი აპარატურა შევიძინეთ, რომელიც აგვისტოს დასაწყისში უკვე უნდა გვქონოდა, თუმცა მწარმოებლებმა პროცესები გაგვიჭიანურა და აპარატურის მიწოდება სექტემბრამდე გადაგვივადა.
ამასთან, დავიწყეთ ნაგეთსის წარმოებაც, რომელიც სატესტო რეჟიმში ქსელურ მარკეტში „ჯიბე“ იყიდება. ასევე, ვგეგმავთ თევზის ხინკლის წარმოებასაც. ჩვენი საწარმო ქარელის რაიონში მდებარეობს, სადაც ძამას ხეობაა. ხეობაში ბევრი მონასტერია, სადაც ძალიან ბევრი მონაზონი თუ სამღვდელო პირი ცხოვრობს. ჩვენთან მრევლი ხშირად მოდიოდა და ხინკალს გვიკვეთავდა, შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ მარხვის დროს თევზის ხინკალი შეგვეთავაზებინა.
ნაგეთსისა და ხინკლის შესაფუთი აპარატი ასევე სექტემბრის შუა რიცხვებში გვექნება, რის შემდეგაც მასიურ წარმოებაზე მუშაობას დავიწყებთ“, - განაცხადა წვერავამ.
მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე წარმოება აქვთ, კომპანიას მარკეტინგული აქტივობები არ განუხორციელებია. თუმცა მას შემდეგ, რაც როგორც ჩიფსის, ასევე ხინკლისა და ნაგეთსის წარმოება მასიური გახდება, კომპანია გეგმავს, მარკეტინგული აქტივობის განხორციელებას და მოლოდინია, რომ პროდუქციას მეტი გამოხმაურება ექნება.
ინფორმაციისთვის, "უმალი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 90 ადამიანია დასაქმებული.