ჟურნალმა The Economist-მა სათაურით “შავი ზღვის დაპატარავება” ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მათ განხორციელებაში ახალი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე არის საუბარი. Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს:
“საქართველო მისი მდებარეობით ერთდროულად დაწყევლი და დალოცვილია. დალოცვილია იმიტომ რომ ის ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, აბრეშუმის გზაზე მდებარეობს, დაწყევლილი კი იმიტომ რომ მისი დაპყრობის სურვილი მუდამ ამოძრავებდათ არაბებს, სპარსელებსა და რუსებს.”
სტატიაში ნათქვამია, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდის და საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
The Economist-თან საუბარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვიცე-თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ პროექტი იქნება წარმატების სიმბოლო, რომელიც ქვეყნისთვის “პოსტსაბჭოთას სტატუსის” ჩამოშორებას შეუწყობს ხელს.
სტატიაში ნათქვამია რომ პორტის პროექტის მთავარი ინიციატორი თიბისი ბანკის ჯგუფია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით აფინანსებს და რომ პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დასაფინანსებლად საჭირო $600 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებულია.
The Economist-ი ყურადღებას ამახვილებს იმ გამოძიებაზეც, რომელიც თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს ეხება. ნათქვამია, რომ კონსორციუმი ფულის გათეთრების ბრალდებებს პროექტის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟის ნაბიჯებად აფასებს.
სტატია სრულდება კარნეგის ევროპული ინსტიტუტის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის მოსაზრებით, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან და ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას შეცვალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება მის მიმართ და თავი დააღწიოს წარსულის პოსტსაბჭოთა მემკვიდროებას.

























