გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის ბანკის ანგარიშების გაყინვის ფაქტს აშუქებს. სტატია, სათაურით "საქართველომ საბანკო ანგარიშები დე ფაქტო ლიდერის ციხეში მყოფი ყოფილი თანაშემწის მშობლებს გაუყინა" - გამოცემის ვებგვერდზე 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.
"საქართველოს დე ფაქტო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაშემწეს დედას საბანკო ანგარიში გაეყინა მას შემდეგ, რაც მან ივანიშვილი საჯაროდ დაადანაშაულა შვილის წინააღმდეგ "ვენდეტაში".
საქართველოს პროკურატურამ მარინა რამაზაშვილისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ იმავე დღეს იმოქმედა, როცა The Guardian-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც [რამაზაშვილი] მილიარდერს აკრიტიკებდა და დასავლეთისგან დახმარებას ითხოვდა.
ინტერვიუში მან (გიორგი ბაჩიაშვილის დედამ) აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მის ვაჟს "პირადი პატიმარივით" ეპყრობა და არ გააჩნია არავითარი ადამიანურობა და ემპათია", - წერს ბრიტანული გამოცემა.
მანამდე, 13 სექტემბერს, The Guardian-ში გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სათაურით: "დედა აცხადებს, რომ საქართველოს დე ფაქტო ლიდერის ყოფილი თანაშემწე პირად ტყვედ აიყვანეს" - რომელშიც ქალი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტზე ჰყვება და ამ ფაქტსაც ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებად აფასებს.
13 სექტემბერსვე საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებსა და აქტივებს.
"საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის განაჩენით, გიორგი ბაჩიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




























