მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

The New York Times - ფასის ვარდნის მიუხედავად, საქართველოში ფსონს ბიტკოინზე დებენ

5c48c722e6c61
BM.GE
23.01.19 23:54
607
The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია საქართველოში ვიტრუალური ფულის - კრიპტოვალუტების მაინინგის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გლობალური მაინინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. საქართველოს ელექტრომოხმარების 10% დღეს სწორედ კრიპტოვალუტების წარმოებისთვის აუცილებელი განტოლებების ამოხსნაზე იხარჯება. 

სტატიაში საუბარია საქართველოში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ის საქმიანობის შესახებ. Bitfury-იმ 2015 წელს თბილისში თბილისში 45-მეგავატიანი დატა ცენტრი გახსნა. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოს მოქალაქეთა ინტერესზე დამოუკიდებლად განეხორციელებინათ ინვესტიციები ვირტუალურ ვალუტაში და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ბიტკოინის მოპოვების პროცესში.

“საქართველოში მაინინგისთვის ჰიდრორესურსებით გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება. ენერგოტარიფები ამერიკასა და ევროპაში არსებული ტარიფების ნახევარს შეადგენს. ათასობით ქართველი ჩაერთო ბიტკოინების მოპოვებაში, მათმა ნაწილმა საკუთარი ავტომობილები და ძროხებიც კი გაყიდა, რათა კრიპტოვალუტების ციებ-ცხელებაში ჩართულიყო და მძლავრო კომპიუტერები შეეძინათ,”- აღნიშნავს სტატიის ავტორი.

თაიმსის სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობისთვის ციფრული ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და რომ ქვეყანაში უძრავი ქონების რეესტრი უკვე ბლოკჩეინ სისტემაზე არის გადასული. ამასთანავე, იგეგმება რეფორმა, რომელიც საგადასახადო სისტემას ბლოკჩეინზე გადაიყვანს.

თაიმსთან ინტრევიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ სახელმწიფო ციფრულ ეკონომიკაზე ტრანსფორმაციას მაქსიმალურად უწყობს ხელს.

სტატიაში მოყვანილია მსოფლიო ბანკის შეფასება, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების ღირებულების პიკურ პერიოდში საქართველოს 200,000-მდე მოქალაქე იყო ჩართული აღნიშნულ აქტივობაში.

პუბლიკაციაში აღწერილია Bitfury-ის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელშიც 45-მეგავატიანი დატა ცენტრი მდებარეობს. გლდანის დატა ცენტრი კრიპტოვალუტების მაინინგის სხვა ობიექტებისგან განსხვავებით თხევადი გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც კომპანიის საქმიანობა ბევრად უფრო ენერგოეფექტურია.

ნიუ-იორკ თაიმსის სტატიის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ Bitfury-ის საქმიანობას ხელი შეუწყო და მომხიბლავი პირობებშიც შეუქმნა. მათ შორის დააფუძნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ამასთანავე, კომპანიას თბილისის მახლობლად 18 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი კი სიმბოლურ ფასად $1 დოლარად გადასცა.

ამასთანავე, საუბარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” მიერ Bitfury-ისათვის $10-მილიონიანი სესხი გამოყოფის შესახებ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუში საუბრობს, რომ Bitfury-ის წინაშე სახელმწიფოს ხელგაშლილობასმ ქვეყნის ბიუჯეტს მილიონობით ლარის საგადადასახადო შემოსავალი დააკარგინა. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარება ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.

ამგვარ შეფასებას არ ეთანხმება Bitfury-ის წარმომადგენელი საქართველოში - ეფრემ ურუმაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პირიქით, Bitfury-ის საქართველოს ეკონომიკისთვის მრავალი სიკეთე მოაქვს.

“როდესაც გაქვს შანსი, მოხვდე მსოფლიო რუკაზე, შენ ეს შანსი უნდა გამოიყენო,”- ამბობს ურუმაშვილი.

სტატია საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას კომენტარით სრულდება, რომელიც ამბობს, რომ “საქართველო კრიპტოვალუტების მაინინგისთვის გლობალურად მიმზიდველი ადგილია”, თუმცა ეს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დასაყრდენი სექტორი არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები