მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The North Face, Timberland, Diesel - შეგვიძლია, ავკრძალოთ მაღაზიებში ტანსაცმლის მოსინჯვა

5eccd2d197aed
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.20 16:16
2372
The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელი კომპანიის „მეგასპორტის“ დამფუძნებელი და დირექტორი BM.GE-სთან ამბობს, რომ თუ მალე არ გაიხსნებიან, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და კადრების ოპტიმიზაცია მოუწევთ.

"მეგასპორტს" თბილისის მასშტაბით 10-მდე მაღაზია აქვს გახსნილი და დაახლოებით 70-80 ადამიანს ასაქმებს. როგორც დავით ჩხეიძე აცხადებს, კომპანიის შემოსავალი 2 თვის განმავლობაში ნულია, შესაბამისად, თანამშრომლები შვებულებებში გაუშვეს, ახლა კი მთავრობის მხრიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნის ნებართვას ელოდებიან.

„ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით რა არგუმენტებიც არის, რომ ტანსაცმლის მოზომვა ვირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკების შემცველია...ყველა რითეილერი იზიარებს იმ აზრს, რომ პრევენციის მიზნით, შეგვიძლია ავკრძალოთ მაღაზიაში მოზომვა და მოხდეს პირდაპირ შესყიდვა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მოერგება ნაყიდი ნივთი, დააბრუნოს და პროდუქცია საკარანტინე პერიოდს გაივლის, დადეზინფიცირდება... ეს ფეხების გაფიჩინებას უფრო ჰგავს, ვიდრე ის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ.

წინა ხუთშაბათს იყო მოლოდინი, რომ მთავრობა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნასაც დაუშვებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა არ ვიცით, როდის უნდა ველოდოთ ნებართვას“, - ამბობს დავით ჩხეიძე.

„მეგასპორტის“ მაღაზიების ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელი მეორე გამოწვევად საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობას ასახელებს და ამბობს, რომ კომპანია ვერ შეძლებს თანამშრომლების ტრანსპორტირებას, ამიტომ მთავარობას ამაზე დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ტრანსპორტი, რომელიც როდის ამოქმედდება, არავინ იცის. ის, რომ ბიზნესს მოუტრიალდე და უთხრა - თქვენ თვითონ უზრუნველყავით თანამშრომელთა გადაადგილებაო, არასწორია. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ვფიქრობთ, ავამუშავოთ ონლაინ სერვისი, თუმცა, ესეც ტრანსპორტირების პრობლემის წინაშე გვაყენებს, რადგან თანამშრომლები უნდა მოვიდნენ ადგილამდე, რათა მოხდეს პროდუქციის გაცემა.

უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ იმ თვალსაზრისით, რომ არ ვიცით როგორ შევინარჩუნებთ თანამშრომლებს. არსებული მდგომარეობა გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციას. 70-80 კაციდან, ვინც ჩვენთან მუშაობდა, ბევრი რეგიონიდანაა - მცხეთა, რუსთავი. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩამოდიოდნენ უპრობლემოდ. ახლა მივდივართ იქითკენ, რომ ვუთხრა, არ გამოვიდნენ სამსახურში, იმიტომ რომ არსებულ პირობებში ვეღარ შევინახავთ უბრალოდ. ძალიან ბევრი კომპანია მივა დაკეტვის პირას“, - ამბობს „მეგასპორტის“ ხელმძღვანელი.

დავით ჩხეიძე მთავრობას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების დროული ამოქმედებისკენ მოუწოდებს: „რაც შეიძლება მალე მოგვცენ უფლება რომ გაგვიხსნათ, იმიტომ რომ ამასაც თავისი პროცედურები აქვს, მინიმუმ 3-4 დღე გვჭირდება იმისთვის რომ მოვემზადოთ, შეგვამოწმონ და გავიხსნათ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები