"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, დამკვირვებელთა უბნებზე არ შეშვებისა და სხვა დარღვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დღის პირველ საათამდე არსებული მდგომარეობით, 70-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს, დაწერილია 9 საჩივარი.
"რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირებულია ბათუმის ორ საარჩევნო უბანში, ასევე აბაშასა და ქარელში. 18 საარჩევნო უბანზე "გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, დამკვირვებელთა არშეშვების ფაქტები დაფიქსირდა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, 11 საარჩევნო უბანზე კენჭირყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს.
"კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და ან რომელიმე დამკვირვებელს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 8 შემთხვევაში დაფიქსირდა ამომრჩევლების კენჭისყრის შენობაში აღრიცხვის შემთხვევები, 6 შემთხვევაში კი დაირღვა წილისყრის პროცედურა.