საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც არასამთავრობოს სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.
"ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენ მიერ დაიწერა 5 საჩივარი. მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
ზუგდიდის ორივე ოლქში
ნაძალადევში (17.18-ის ოლქის მე-40 და 17.09 30-ე)
ბათუმში (68.79-ის მე-4 უბანზე)
ჩხოროწყუში (67.69-ის 27-ე უბანზე)
საგარეჯოში (23.11-ის 36-ე უბანი)
გურჯაანში (24.12-ის 30-ე უბანი)
ახალციხეში (44.37-ის 35-ე უბანი).
● ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანი 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;
● რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის ერთდროული ყოფნა. (ბოლნისში, ახალქალაქში და ახალციხეში)
● ოთხ უბანზე (ბათუმი 69.73 ოლქის მე-8 უბანი, კრწანისი 07.04 ოლქის მე-18 უბანზე, ქუთაისი 49.48 ოლქის 55-ე უბანზე, გორი 41.32 ოლქის 22-ე უბანზე) ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი თავდაპირველად არ შეუშვეს, თუმცა ზემდგომი საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა.
● ხონის 54.55. საარჩევნო ოლქის 28-ე უბანზე ბეჭდების ნომრები არ დაემთხვა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ნომრებს;
● ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კაბინაში ერთზე მეტი ადამიანის ყოფნა. ასევე, კომისიის თავმჯდომარე ქართული ენის არცოდნის გამო ვერ აფორმებდა საჩივარს. მასიურად ვხვდებით იგივე პრობლემებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბევრ უბანზე.
● რუსთავის 30.20. ოლქის 30-ე და მარნეულის 35.22. ოლქის 72-ე უბნებზე რამდენიმე დამკვირვებელს კომისიამ ვადაგასული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიაცემინეს ხმა.
● შიდა ქართლში კომისიის წევრი შეჰყვა ამომრჩეველს კაბინაში და დაეხმარა ხმის მიცემაში (ქარელი 40.33 ოლქის მე-13 უბანი)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს", - განმარტავენ არასამთავრობოში.

























