„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ შპს „აკას“ მეპატრონის, მაკა ასათიანისა და მისი ადვოკატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერი გია გვილავა აცხადებს ორგანიზაციამ დავით ძოწენიძესა და შპს აკას პარნტიორებს შორის სასამართლო დავაში მხოლოდ ის ნაწილი შეაფასა, სადაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ახალი გარემოებების გამო სასამართლო საქმის წარმოება უნდა განახლებულიყო. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ შეაფასა მხოლოდ გადაწყვეტილება, გვილავას განმარტებით არ იყო საჭიროება იმისა, რომ ყველა მხარე გამოეკითხათ.
„მაკა ასათიანისა და მისი ადვოკატების ბრალდებები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ არ გვჭირდებოდა დამატებითი ინფორმაცია იმიტომ, რომ სასამართლოს დასაბუთება ჩანს სასამართლო გადაწყვეტილებაში. ჩვენ დავით ძოწენიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუმცა ამ დოკუმენტაციიდან მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებაზე გამახვილდა ჩვენი ყურადღება. ვინაიდან ეს იყო სასამართლო დასაბუთების შეფასება , აღარ იყო იმის საჭიროება, რომ მთელი საქმე შეგვესწავლა“.
გია გვილავა ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია სასამართლოზე, როგორც ყველაზე მნიშნელოვან ინსტიტუტზე მუშაობს და ორგანიზაციის მთავარი ფოკუსიც სწორედ სასამართლოზეა შეჩერებული, შესაბამისად როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარები სასამართლოს პირველ ან მეორე ინსტანციაში აღმოაჩენენ პრობლემას, ორგანიზაცია არ ელოდება უზენაესის გადაყვეტილებას, რადგან მათ ამის ვალდებულება არ აქვთ.
„ძალიან საინტერესო პოზიცია გაჟღერდა დღეს პრესკონფერენციაზე, რომ თურმე ჩვენ არ დაველოდეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიახ, ნამდვილად არ დაველოდეთ იმიტომ, რომ ამის ვალდებულება არ გვაქვს და არსად არ არის ესეთი სტანდარტი დადგენილი. თუ შპს „აკას“ პარტნიორებს აინტერესებთ ჩვენთან გასაუბრება, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ამ საკითხზე თუმცა ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ„ - აცხადებს გია გვილავა.

























