არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" მიუღებლად აფასებს საკანონმდებლო ორგანოში, კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევების მატებას. ამის შესახებ, მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც TI-მ გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, ანუ საქმიანობის პირველ წელს, დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილეს, მაშინ როცა მე-8 მოწვევის პარლამენტმა მთელი მისი საქმიაობის პერიოდში, ამ წესით 437 კანონპროექტი განიხილა და დაამტკიცა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი წესით ინიციატივის განხილვა გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს, სათანადოდ დასაბუთდეს და საკანონმდებლო ორგანომ ის მხოლოდ რეალური საჭიროების დროს უნდა გამოიყენოს.
"დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა, ერთის მხრივ, ხელს უშლის დაინტერესებული პირების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში, ხოლო, მეორეს მხრივ, პრობლემას წარმოადგენს პარლამენტის წევრების მხრიდან ინფორმაციის მიღების, მისი დამუშავების თვალსაზრისითაც", - ნათქვამია TI-ის ანგარიშში. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად -165 შემთხვევაში კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა მთავრობამ მოითხოვა.

























