"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საქართველოში კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ განვითარებული მოვლენებია შეფასებული. მიმოხილვა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოში განხორციელებულ ცვლილებებს, ისე პრაქტიკაში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს.
როგორც არასამთავრობოში განმარტავენ, ამ პერიოდის განმავლობაში:
საქართველოს მაჩვენებელი კორუფციის საერთაშორისო რეიტინგებში 2012-2016 წლებში მცირედ გაუმჯობესდა.
საქართველოს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემოღება. ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იყო ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება.
ამავე დროს, კანონმდებლობა კვლავაც შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს და პრობლემად ხდება მისი ეფექტური აღსრულება პრაქტიკაში.
2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის გამოყენება.
გამოწვევად რჩება მაღალი დონის კორუფციისა და პოლიტიკური კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფა.
ქვეყნის არაფორმალური მმართველობა კვლავაც გამოწვევად რჩება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი მთავრობაზე არაფორმალურ გავლენას ინარჩუნებს. მისი გავლენა ზოგიერთ შემთხვევაში მასთან დაკავშირებული კომპანიების სასარგებლოდ გამოიყენება, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად მიიღება,
შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის წევრებისა და აქტივისების წახალისების ინსტრუმენტად საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო კომპანიებში დასაქმების გამოყენება.
არასამთავრობოში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2013, 2015 და 2016 წლებში ჩატარდა, მეტად მცირე იყო იმ რესპოდენტთა ხვედრითი წილი რომლებიც ადასტურებდნენ, რომ წინა 12 თვის განმავლობაში მათ ან მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.
"ნაკლებად პოზიტიური მაჩვენებელია ელიტარული კორუფციის კუთხით. თუ 2013 წელს გამოკიტხულთა მხოლოდ 12 პროცენტი ფიქრობდა, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს 40%-მდე გაიზარდა“, - განმარტავენ არასამთავრობოში. ასევე, როგორც კვლევაში ვკიტხულობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში, შესაბამისი უწყებები ფაქტიურად არ რეაგირებდნენ თანამდებობის პირების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო შემთხვევებზე. ასეთ მაგალითად უწყება კულტურის სამინისტროზე გამოქვეყნებულ კვლევას ასახელებს, სადაც საუბარი იყო სამინისტროს მიერ კერძო კომპანიებისთვის გამოყოფილ დაფინანსებებზე. ასევე თბილისის მერიის მიერ მიწების განკარგვის პროცესში კორუფციის ნიშნებთან დაკავშირებით.

























