"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებია შესწავლილი.
კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი საკანონმდებლო დონეზე რეგულირებული არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოებში არ არსებობს ინფორმაციის გაცემის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების სტანდარტიზებული სისტემა, რაც მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს წარმოშობს. საუკეთესო პრაქტიკის საპირისპიროდ, დღეს საქართველოში სახელმწიფო საწარმოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მაგალითისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" "საქართველოს ფოსტის" მაგალითი მოჰყავს. ორგანიზაციის აქციების 100%-ს სახელმწიფო ფლობს, ხოლო მის ინტერესს ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სსიპ ქონების მართვის ეროვნულის სააგენტო იცავს.
ამ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა "საქართველოს ფოსტას" გამჭვრივალობისა და ანგარიშვალდებულების არავითარ დამატებით ვალდებულებას არ აკისრებს. მასზე საჯარო ინფრომაციის გაცემის ვალდებულებაც არ ვრცელდება. ასევე "საქართველოს ფოსტის" წესდება არ შეიცავს არცერთ დებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს მართვაზე პოლიტიკური გავლენის პრევენციას.
ორგანიზაციის მოკვლევით, კომპანის ორგანიზაციური სტრუქტურისა თუ მენჯმენტის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. ვებ-გვერდზე ტენდერებისა და აუქციონების განყოფილება არსებობს, თუმცა 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ის არ ფუნქციონირებს და შესაბამისად არც ინფორმაცია იძებნება. საიტიზე არც კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახეებ ინფორმაციაა განთავსებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დასკვნით, ,,საქართველოს ფოსტის" ვებ-გვერდი ვერ აკმაყოფილებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილ ვერცერთ სტანდარტს.

























