მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TI: საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირადი გამორჩენისთვის გამოყენება

5cb05d7df11bc
BM.GE
12.04.19 13:41
931
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

ამავე დროს, კვლევის მიხედვით, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია. კერძოდ, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

რაც შეეხება კორუფციის კომპლექსურ ფორმებს, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ხოლო 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია იგივე ქმედება პირადი მიზნების მისაღწევად. მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ქმედებები გავრცელებული არ არის, შესაბამისად 21%-სა და 15%-ს შეადგენს.

ამასთან, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (91%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (86%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (79%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (58%).

გამოკითხულთა უმრავლესობა (52%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3%–ის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები