"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშით, რომელიც 2018 წლის 1 ივნისი-20 ოქტომბრის პერიოდს ეხება, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია იკვეთება. ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
პრობლემები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმართულებით:
"2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესმა ლეგიტიმური კითხვები გააჩინა ამ პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში კვლავ წინასწარ გავრცელდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ. ეს პროგნოზები მოგვიანებით მეტწილად გამართლდა. ასევე, მედიით გავრცელდა რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის შემთხვევაში, დასტურდება პროფესიული ნიშნით კომისიების წევრების შერჩევაში მმართველი პარტიის აქტიური მონაწილეობა და მათზე გავლენა.
წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პრობლემური იყო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, კომისიამ საზოგადოებრივი კვლევის გაშუქების კუთხით მაუწყებლებს, ჩვენი აზრით, კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. გარდა ამისა, გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ კომისიის გადაწყვეტილები შეგნებულად იყო მიკერძოებული.
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ რამდენიმე სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება და მათთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულება. ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების საარჩევნო მიზნებით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს კვლავ არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.
2017 წლის შემდეგ საარჩევნო კომისიები ახლი წესით დაკომპლექტდა. ეს წესი ცალსახად მმართველ პარტიაზე არის მორგებული და საარჩევნო კომისიებში მის დომინირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ვინაიდან ამ წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია პირველი, სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს მისი მუშაობის შედეგები,"- წერია ანგარიშში.
რაც შეეხება უშუალოდ ფინანსურ ხარჯებს ამ მიმართულებით "საერთაშორისო გამჭვივრალობა საქართველო" პრობლემებს ვერ ხედავს.
ანგარიში უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.