"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას არადეკლარირებულ ხარჯებში ამხელს.
აღნიშნული დასკვნა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, მინისტრის ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად გააკეთა.
საუბარია, ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხარჯებზე, რომლებიც მინისტრის ოჯახმა 2013-2018 წლებში ააშენა.
თავდაცვის მინისტრის მიერ მშენებლობაზე გაღებული ხარჯების დეკლარაციაში არმითითება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა“, - ნათქვამია TI-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
გამოქვეყნებულ დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციამ განმარტებისათვის სამინისტროს მიმართა, საიდანაც შემდეგი პასუხი მიიღეს:
„სახლის მშენებლობის მიზნით, მშენებლობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა საკუთარი ძალებით დაქირავებული მუშა-ხელის მიერ. დეკლარაციაში მშენებლობის ხარჯების მითითება არ მოხდა, ვინაიდან მშენებლობის ხარჯის ოდენობა „თითოეულ შემთხვევაში“ არ აღემატებოდა 1500 ლარს.”
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამ პასუხს მიუღებლად და არადამაჯერებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მინისტრი ვალდებული იყო, მშენებლობის ხარჯები დეკლარაციაში აესახა.
,,არგუმენტი, თითქოს მშენებლობის ცალკეული ხარჯი „თითოეულ შემთხვევაში” არ აღემატებოდა 1500 ლარს, არ შეესაბამება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მიზნებს. აღნიშნული მსჯელობა მით უფრო მოკლებულია დამაჯერებლობას, როდესაც პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, ჯამურად, 230 000 ლარის ხარჯზეა საუბარი“, - აცხადებენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში”.