ყველაზე მეტი უშედეგოდ დასრულებული ტენდერი თავდაცვის სამინისტროში დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2016 წლის მონაცემები გამოიკვლია, რომლის მიხედვითაც მსხვილი შემსყიდველი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების 10 ყველაზე მაღალი პროცენტული წილით მთლიან შესყიდვებში გამოირჩევიან:
• თავდაცვის სამინისტრო - 41,23%
• სასჯელაღსრულების სამინისტრო - 36,76%
• საქართველოს რკინიგზა - 36,18%
• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო -32%
• შინაგან საქმეთა სამინისტრო - 31,59%
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -29,70%
• ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 29,49%
• იუსტიციის სამინისტრო -28%
• შემოსავლების სამსახური - 28%
• თბილისის სატრანსპორტო კომპანია -27%
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უშედეგოდ დასრულებული ტენდერების წილი მთლიან შესყიდვებში 2010 წლიდან 2016 წლამდე მეტწილად კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა, 2012 წლის შემდეგ კლების ტემპის შემცირება ფიქსირდება.
"2016 წლის მონაცემებით ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერების დაახლოებით მეოთხედი 23.7% და 28.5% უშედეგოდ დასრულდა. უშედეგოდ დასრულდა კონსოლიდირებული ტენდერების 16.1% და კონკურსების 51.2%. მსხვილი შემსყიდველი 20 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 15-ის შემთხვევაში უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში 20%- ზე მეტია",- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, აღნიშნული მაჩვენებლები არის საკმაოდ დიდი, რაც უწყებების მიერ შესყიდვების დაგეგმვაში, ორგანიზებაში -მოთხოვნების შეუსაბამოდ ჩამოყალიბებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე და ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.
ორგანიზაციას შესაბამისი რეკომენდაციებიც აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს მიერ უფრო მეტად უნდა მოხდეს შეწყვეტილი, არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვების მონიტორინგი და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.
ამასთან, მათი თქმით, აუცილებელია, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის დაგეგმვისას განხორციელდეს ბაზრის წინასწარი კვლევა/შესწავლა შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ - ხარისხობრივი მახასიათებლების და შესაბამისად მოხდეს ფასის განსაზღვრაც.
"ბაზრის წინასწარი კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აუცილებელია მოხდეს მოთხოვნების შესაბამისი ჩამოყალიბება და გამარჯვებულის შერჩევის პროცესში მათი სათანადო გათვალისწინება უნდა მოხდეს შესწავლა და მიზეზების გამოვლენა იმისი, თუ რატომ არის მაღალი არ შემდგარი ტენდერების და კონკურსების წილი აღნიშნულ უწყებებში და საჭიროა, მოხდეს შესაბამისი ტრენინგების ჩატარება",- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

























