მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი არტ გალერეაში ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

5bd1624493716
BM.GE
25.10.18 10:26
1168
თიბისი არტ გალერეაში მოქანდაკისა და მხატვრის - ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ელგუჯა ამაშუკელის დაზგური ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები.

სპეციალურად გამოფენისათვის 3 მეტრის სიმაღლის 3 ქართლის დედა შეიქმნა, რომლებიც ქართლის დედის მონუმენტის პირვანდელ სახესა და მის საბოლოო ვერსიამდე განვლილ სახეცვლილებებს ასახავს.

მონუმენტური ქანდაკება, რომლის პირვანდელი სახელწოდება „ქართვლის დედა“ იყო, 1958 წელს, სოლოლაკის გორაზე თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით აღიმართა და ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ხის ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით, ხის ფაქტურა ალუმინის ფირფიტებით დაიფარა. 1997 წელს ალუმინის ქანდაკება ახალი, 20 მეტრის სიმაღლის თუჯის მონუმენტით შეიცვალა. ქართლის დედის შექმნისათვის 30 წლის ელგუჯა ამაშუკელმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო. გამოფენაზე წარმოდგენილი 3 ნამუშევარი, ქართლის დედის მონუმენტის სამივე სახის შემცირებული, თუმცა ვიზუალურად იდენტური მოდელია.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ვახტანგ გორგასალის ბრინჯაოს ქანდაკებასაც იხილავს. ელგუჯა ამაშუკელის პირველი დიდი წარმატება სწორედ ვახტანგ გორგასალის ძეგლს უკავშირდება, რომელიც თბილისის დამაარსებელი მეფის მონუმენტის შესაქმენლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შექმნა და რომლისთვისაც პირველი პრემია მიიღო.

ექპსოზიციაზე ასევე ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებითი პროცესისა და მისი ნამუშევრების ამსახველ ფოტოები და ვიდეოებია წარმოდგენილი. გამოფენა ეროვნულ არქივიში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ხელოვნების ინსტიტუტსა და კერძო კოლექციებში დაცულ დოკუმენტურ ფოტო და ვიდეომასალას, ასევე ფოტოგრაფ გიორგი ინდუაშვილის, სპეციალურად ამ გამოფენისათვის, თბილისაა და რეგიონებში გადაღებულ ამაშუკელის ძეგლებისა და მონუმენტების ფოტოებს აერთიანებს.

გამოფენის გახსნის შემდეგ, ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც თიბისი არტ გალერეის დირექტორი - ქეთევან კორძახია, არქიტექტორი - ვახტანგ დავითაია და ფილოსოფოსი და არტ-კრიტიკოსი - დავით ანდრიაძე გაუძღვნენ.

თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყობა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული მისი ნამუშევრები.

ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ სკულპტურული შემკულობა, ვეფხი და მოყმე, ცოდნის ზარი, ფარნავაზი თბილისში, გიორგი ლეონიძის, ლადო გუდიაშვილისა და უშანგი ჩხეიძის საფლავები მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დავით აღმაშენებელი ქუთაისში, გამარჯვების მონუმენტი გორში, დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი მალთაყვაში, ცოტნე დადიანი და კოლხეთის დედა ფოთში, მემედ აბაშიძე და ილია ჭავჭავაძე ბათუმში - ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია.

მონუმეტური ნამუშევრების გარდა, აღსანიშნავია თბილისის სხვადასხვა ნაწილში მისი რელიეფური კომპოზიციებიც, ასევე ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკისა და წიგნის მხატვრობის დარგში. ელგუჯა ამაშუკელი შემდეგი წიგნების ავტორია: „წერილები ხელოვნებაზე“, „მეექვსე გრძნობა“, „დრო შემოქმედი“.

„მონუმენტურობის გრძნობა მხატვრის მეექვსე გრძნობაა - საგნის სივრცობრივად აღქმისა და გარემოს ჰარმონიულ ნაწილად წარმოსახვის გრძნობა.“ - ელგუჯა ამაშუკელი.

მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოს მფლობელი ელგუჯა ამაშუკელი 2002 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. წელს, 22 აპრილს კი 90 წლის გახდებოდა.

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები