„თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლემ 29 თებერვალს ჩანიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.