თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 8 კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდება.
თიბისიში აცხადებენ, რომ კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხება - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch მომზადებამდე. კურსის მიზანია, სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება.
ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი წაიკითხავს. კურსის მონაწილე სტუდენტები რჩევებს და რეკომენდაციებს ინდივიდუალურად მიიღებენ, პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, კურსის ბოლო, კი, ჩატარდება პრეზენტაციები და გამარჯვებული გუნდის წევრები მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან.
„სტარტაპკურსი GAU-ში უკვე მეორედ ტარდება და მას თავიდანვე დიდი დაინტერესება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ანტრეპრენიორობის წახალისებას, თიბისისთან სწორედ ამ კუთხით ვიპოვეთ გადაკვეთა. ეს კოლაბორაცია სტუდენტებში იდეების კულტივაციას უწყობს ხელს და მათგან ძალიან საინტერესო პროექტებს ვიღებთ“, - განაცხადა GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.
28 აპრილს, 15.00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდება და კურსზე რეგისტრაცია დაიწყება.
ცნობისთვის: სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპკულტურით.
(NS)




























