მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი დაზღვევის გენდირექტორი ახალ პროდუქტებსა და სიახლეებს აანონსებს

63bd044051325
ინგა მურუსიძე
10.01.23 10:03
1705
TBC დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე მიმდინარე წელს სიახლეებს აანონსებს. როგორც მან BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სიახლეები იქნება ახალი პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით, საფასო სეგმენტში და ა.შ.

„2023 წელს ისევ შევინარჩუნებთ და თანმიმდევრული ვიქნებით ჩვენი სტრატეგიის განხორციელებაში, რაც გულისხმობს ცხოვრების გამარტივებას და გაციფრულებით ამის მიღწევას“, - თქვა ღაძაძემ.

მისივე თქმით, მთავარი მიზანია, რომ თიბისი დაზღვევა დარჩეს ნომერ პირველად, განსაკუთრებით საცალო დაზღვევის ნაწილში.

ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში გვექნება ახალი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუმცირებს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარჯებს, ეს შეეხება დაუსაქმებელ ხალხს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ სწორი და მორგებული სამედიცინო დაზღვევები შეიძინონ. არის რამდენიმე კომპანია, ისინი მუშაობენ ამ მიმართულებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული გარღვევა ვერ მოხერხდა. ხელის შემშლელი ფაქტორების და ბარიერების შესწავლის კვალობაზე კარგად შევქმნით დიზაინს და ინდივიდუალური საცალო დაზღვევები გვექნება. ეს შეეხება ე.წ. ფრილანსერებს, რომელთა კრიტიკული მასაც დაგროვდა. მშობლებზე, რომლებიც აქამდე ვერ ეზღვეოდნენ, სტუდენტების დაზღვევა და ა.შ. ეს უკვე კრიტიკული მასაა. როცა პლატფორმები და ეკოსისტემები მზად გაქვს, მათ შორის სამედიცინო სისტემების ნაწილში, რა თქმა უნდა, სისტემის დანერგვა გაგვიმარტივდება.

ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა ყოველთვის მოთხოვნადია და აქ მნიშვნელოვანია ადეკვატური ფასის დადგენა. პროდუქტი უკვე მზად არის და იანვრის მეორე ნახევრიდან ჩაეშვება.

ფოკუსი იქნება ასევე სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე. გლობალურად, ამ პროდუქტზე მთელი სადაზღვევო პრემიების თითქმის ნახევარი მოდის, საქართველოში არის ძალიან პატარა წილი. გვგონია და გვჯერა, არ ვიცი, შეიძლება არაადეკვატურადაც კი, მაგრამ ამ ნაწილში მაინც თანმიმდევრული ვიქნებით, რომ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევები მაქსიმალურად გავაფართოოთ და შეღწევადობა გავზარდოთ.

თვითონ დაზღვევის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ანუ, მომხმარებელზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების ჩაშვებას ვგეგმავთ. მათ შორის ერთ-ერთია ჩვეულებრივი ავტომობილის დაზღვევა უფრო მორგებული და არა სტანდარტიზებული. ვფიქრობ, კონკურენტებთან შედარებით კარგი ფასი გვექნება.

გამოწვევად რჩება კიდევ კორპორაციული დაზღვევის ნაწილი ინდუსტრიისთვის, იმიტომ რომ აქ გარე ფაქტორებმაც იმოქმედა. უკრაინაში ომის თემამ ძალიან გააძვირა გადაზღვევის ფასები. აქ დიდად ზრდა არც შეიმჩნევა, რადგან ეკონომიკის მასშტაბები ისე არ არის გაზრდილი, მსხვილ კორპორაციულ სექტორზე მაქვს საუბარი. რაც შეეხება საშუალო კომპანიების დაზღვევას, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილია და აქ ვხედავთ ერთ-ერთ მიმართულებას“, - განაცხადა ღაძაძემ.

გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, სიახლეები და ახალი პროდუქტები კვლავ იქნება, ძირითადად გაზაფხულისთვის.

ღაძაძე 2023 წლის მოლოდინებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევები, ასევე პროფესიული დაზღვევების ნაწილი მთლიანად ინდუსტრიას ძალიან დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები