თიბისი ჯგუფი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს ახალი ციფრული სავაჭრო პლათფორმა Vendoo შეემატება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.
უფრო დეტალურად BM.ge Vendoo-ს პროექტის მენეჯერს, ამირან შეროზიას ესაუბრა.
- რას სთავაზობთ მომხმარებლებს ონლაინ პლატფორმა Vendoo-ს დახმარებით?
- ონლაინ მაღაზია Vendoo Swoop-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100%-იანი წილიც თიბისი ჯგუფმა შეისყიდა. ახალი ონლაინ პლატფორმა ერთის მხრივ, მომხმარებლებს შესთავაზებს, პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას; დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ, გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. აგრეთვე Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება; მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლათფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის.
- ექნებათ თუ არა, ქართულ კომპანიებთან ერთად, უცხოურ კომპანიებსაც ამ პლატფორმის გამოყენების საშუალება?
- პლატფორმა იქნება ღია და შეუზღუდავი. ნებისმიერ სუბიექტს ექნება საშუალება Vendoo-ზე აწარმოოს თავისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია არის უსაფრთხო, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და არის მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მოჰყვება გარანტია და ასევე გაყიდვის შემდგომი მომსახურება. ყველაფერი იქნება შემოწმებული. უცხოეთში წარმოებულ პროდუქციაზე შესაბამის სერთიფიკატს და დოკუმენტაციას მოვითხოვთ, ხოლო საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის შემოწმება ჩვენ მიერ მოხდება.
- თავდაპირველად დაფარავთ ქართულ ბაზარს, ორიენტირებული იქნებით ქართველ მომხმარებლებზე, მაგრამ რა იქნება შემდეგი ეტაპი? იგეგმება თუ არა სხვა ქვეყნებშიც შესვლა?
- ჯერ საქართველოში ავაწყობთ ამ ონლაინ პლატფორმას, გავზრდით როგორც ბიზნესს, ისე გაყიდვების რაოდენობას. შემდგომ კი ვნახავთ, რა პოტენციალი ექნება იგივე პლატფორმას სხვა ბაზარზე. თუ გადავწყვეტთ სხვა ქვეყანაში შესვლას, რა თქმა უნდა, იგივე პლატფორმასა და ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ.
- როგორი იქნება Vendoo-ზე პროდუქციის პალიტრა და ფინანსური პირობები?
- პროდუქცია იქნება მრავალფეროვანი, პირველ რიგში, დავიწყებთ ტექნიკით. გვექნება სხვადასხვა ფასის კატეგორია, მათ შორის იაფიანი პროდუქციაც, თუმცა ეს არ გულისხმობს უხარისხოს. ჩვენთვის ხარისხი ყველა საფასო კატეგორიაში მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფინანსურ პირობებს, ეს დამოკიდებული იქნება ბრუნვასა და იმ პროდუქციაზე, რასაც ბიზნესის წარმომადგენლები ონლაინ პლატფორმაზე განათავსებენ.
- რაც შეეხება წინამოსამზადებელ სამუშაოებს, რა პროცესი გაიარა Vendoo–ს გუნდმა, რის შედეგადაც პროექტის პრეზენტაციაზე თავდაჯერებულად განაცხადეთ, რომ ახალი "ამაზონის" შექმნის ამბიცია გაქვთ?
- წინასწარი სამუშაოები იყო „სვუპის“ შეძენა. დავიქირავეთ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები, ვმუშაობთ ტექნოლოგიური პლატფორმის გამართვაზე, ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე და აგრეთვე ვიყენებთ აოუთსორსს. ამიტომ ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის წარმატებით დასრულებას. ბევრს ჰგონია, რომ წარმატებული ონლაინ ბიზნესი არის მხოლოდ კარგი ვებ საიტი და ტექნოლოგია, ეს ასე არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვებ-საიტის უკან მიმდინარე პროცესებს და მომსახურების ხარისხს.
- რაც შეეხება Vendoo გუნდს, ვინ არიან და როგორ მოხდა მათი შეკრება?
გუნდი შედგება 40 ადამიანისგან და ისინი სხვადასხვა სპეციალიზაციის წარმომადგენლები არიან: ექსპერტები , ტექნოლოგები, მარკეტინგის სპეციალისტები , ლოჯისტიკის, ხარისხის მართვის. ისინი აწყობენ ისეთ მიმართულებებს, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, მართლაც „ქართული ამაზონი“ შევქმნათ.